ერასტ ფანდორინი დაბრუნდა! მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ვნახე, ორმა წელმა განვლო და ეს ფრიად მიმზიდველი გამომძიებელი უკვე გვარიანად მომენატრა… თან “ნეფრიტის კრიალოსანი” იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ სამ დეტექტივად დაყოფილი წიგნი რომ დავინახე, უკანმოუხედავად “გავქანდი” აკუნინის შემოთავაზებულ მოგზაურობაში…
წარმოგიდგენიათ ერასტ პეტროვიჩი კაპიტანი ნემოს როლში (რა დამთხვევაა – სულ ცოტა ხნის წინ წაკითხულ წიგნშიც ფიგურირებს ჟიულ ვერნის ეს გმირი)? დიახ, “პლანეტა წყალში” ის წყალქვეშა ნავში ბინადრობს და ჩვენს საყვარელ მასასა და ახალ თანაშემწესთან ერთად დიდი ხნის წინ ჩაძირულ სიმდიდრეს ეძებს… მაგრამ ხომ იცით, რომ ერასტს სიმშვიდე არასდროს ეღირსება და უეჭველად ხიფათში უნდა გაებას. ახლაც ინგლისელი პოლიციელების, გერმანელი სამხედროებისა და სისხლისმსმელი მანიაკის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა… ან იქნებ სულ სხვა ვიღაცის… მგონია, რომ ეს ამ კრებულის №2 დეტექტივია და საქმე თავად უნდა “გახსნათ”, ამიტომ სიმართლეს არ გაგიმხელთ. ნახეთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნაპოლეონ ბონაპარტს და როგორი სიყვარული შეუძლია თითქოს უგულო ერასტს 🙂
მეორე საქმე “აფრა ეული” ჩემთვის კრებულის ფავორიტია. პარიზიდან პირდაპირ რუსეთის მიყრუებულ რეგიონში “ჩაქანებული” ერასტი კიდევ ერთხელ ავლენს გრძნობებს და თავისი ძველი სიყვარულის (სახელს არ გაგიმხელთ), ამჟამად კი დედა ფებრონიას (რა “ლიტერატურული” სახელია, არა?), მხეცურ მკვლელობას იძიებს. გამოგიტყდებით და აქ აკუნინმა მრავალჯერ მომატყუა და ბოლომდე შეინარჩუნა ინტრიგა.
მესამე ნაწილი “საით გავცუროთ?” ძალიან “მეუცნაურა”. აქ ერასტი ძალიან “ფერმკრთალია”, არც მატარებელში მომხდარი ძარცვის საქმეა დიდად საინტერესო და ვერც სტალინისა და ლენინის გამოჩენაა “დროული”… ზოგადად, მეორე ქორწინებამ ჩვენი პეტროვიჩი საგრძნობლად “გააფუჭა” და, სიმართლე გითხრათ, სულაც არ მწყენია, რომ მეუღლეს დაშორდა 🙂 დარწმუნებული ვარ, შემდეგ წიგნში ის ისევ ძველებურად შეუდარებელი იქნება.
P.S. სამწუხაროდ, ერასტ პეტროვიჩის ისტორიების ქართული თარგმანი ნელი ტემპით მიიწევს წინ. არადა, საინტერესოც არის და არც რთული გადმოსაქართულებელია… იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ჯერჯებოით უკანასკნელ (აშკარად არა საუკეთესოს, თუმცა მაინც საინტერესოს) წიგნსაც შემოგვთავაზებენ და სხვებსაც… მანამდე კი ორიგინალში უნდა მოიძიოთ.
ოქტ 05, 2015 @ 21:48:17
სტალინი უნდა მოეკლათ მანდ )
LikeLike
ოქტ 05, 2015 @ 21:51:20
ჩვენც დავისვენებდით, პეტროვიჩიც და შალვოვიჩიც :))
LikeLiked by 1 person