დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად.
მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ვერნერი, რავიკიც, რემარკის სხვა გმირებიც (ორიოდე “გერმანულ” ამბავზე მოგვიანებით ცალკე გიამბობთ)… შეიძლება შეიძულო ისინი? შეიძლება არ იტირო მაშინ, როდესაც სიკვდილიც კი ტირის? უემოციოდ ვერაფრით შეხვდებით ამბავს ქალაქისა, რომელშიც წიგნის ქურდი ლიზელი ცხოვრობს. ვერაფრით დაივიწყებთ მისი დედობილი როზას “საყვარელ” ლანძღვას, მამობილი ჰანსის კეთილ ვერცხლისფერ თვალებს, მორბენალობაზე მეოცნებე რუდის, გერმანელების სარდაფში თავშეფარებულ ებრაელ მაქსს, “ზეციურ ქუჩაზე” მომავალ მშიერ ებრაელებს… ვერაფრით ამოიგდებთ თავიდან იმაზე ფიქრს, რომ ფიურერის მმართველობისას არსებობდნენ კეთილი ადამიანები, გაუბედურებული დედები და მამები; სარდაფებიდან წიგნში დაბუდებული სიტყვები მოისმოდა, ცის ქვეშ კი – ბომბების ხმა… ვერაფრით დამშვიდდებით… თქვენც ისევე დაკარგავთ მოსვენებას, როგორც სიკვდილმა დაკარგა, როგორც მე დავკარგე, როგორც დაკარგა ყველამ, ვინც მარკუს ზუზაკს ენდო…
P.S. წიგნის ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის პროექტ “Liberteens”-ის ფარგლებში გამოიცა.
P.P.S. სულ ბოლოს ეკრანიზაციის ძალიან კარგ მუსიკას მოვუსმინოთ:
დეკ 07, 2020 @ 22:15:28
უძლიერესი წიგნია.ბევრი მატირა და რაც მთავარია ჩემ თინეიჯერ შვილსაც უზომოდ მოეწონა
LikeLiked by 1 person