უილიამ ფოლკნერი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… როგორც წესი, მას ან ფავორიტთა შორის ასახელებენ (ზოგჯერ გულწრფელად, ზოგჯერ კი “ინტელექტუალური” მიზეზებით), ან პირველი ცდის შემდეგ სამუდამოდ შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, მე მას უკვე მეხუთედ შევხვდი (მომავალში კიდევ ვგეგმავ). ამჯერად ის იგავს გვიამბობს… იგავს ომზე, რომელში მონაწილეობაც არ სურთ (გახსოვთ ეს ძალიან კარგი ფილმი?). ის აღწერს ერთ კვირას, რომელიც ბოლო დღეს მოსახდენი ტრაგედიის დიდი მოლოდინია… მოლოდინი ჯვარცმისა და ბოროტების (დროებითი) გამარჯვებისა… გითხრათ რაიმე ბიბლიური ალუზიების შესახებ? ალბათ არ ღირს. წიგნში ყველაფერი ისედაც ნათელია…
სულ სხვანაირი (მე თუ მკითხავთ, ბევრად უფრო სასიამოვნოდ საკითხავი, თუმცა ამბობენ, რომ ფოლკნერის ზემოთხსენებული წიგნი ჰელერისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა) ისტორია გვიამბო ჰელერმა. მისი ამბავიც ომზეა, მაგრამ მისტერ ჯოზეფი სათქმელს სახალისოდ გადმოგვცემს. მიდით და ნუ გაიცინებთ, როდესაც წაიკითხავთ, თუ რაში მდგომარეობს კანონი სახელად “ხაფანგი-22”. ეს წესი იმას გულისხმობს, რომ სამხედრო მფრინავები მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან ფრენისგან, თუ განაცხადებენ, რომ ფსიქიკურად დაავადებულები არიან… მაგრამ აქ კიდევ ერთი აუცილებელი პუნქტია – მფრინავი, რომელიც ამას განაცხადებს, სრულიად ნორმალურად ითვლება… დიახ, დიახ, ზუსტად ასეთი აბსურდული რამაა “ხაფანგი-22” (ტყუილად ხომ არ დამკვიდრდა ეს ფრაზა ინგლისური ენის ლექსიკონში)… მაგრამ სხვა რა გზაა, მას ყველა უნდა დაემორჩილოს და სამხედრო ნაწილში გამეფებულ “ცისფერ მთებს” შეეგუოს… მათ შორის ვართ ჩვენც. ვითომდა ღვიძლ-მტკივან იოსარიონთან ერთად ჩვენც ჰოსპიტალში მოხვედრაზე უნდა ვიოცნებოთ, საეჭვო საქმეები “ვატრიალოთ” და ყველაფერს იუმორით შევხედოთ… სხვაგვარად ასეთ არმიაში ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია…
P.S. ქართულად მხოლოდ “ხაფანგი-22” გვაქვს (სერია “49 წიგნი”). რაც შეეხება “იგავს”, სიმართლე გითხრათ, მისი თარგმნა ძალიან რთული და სარისკო მგონია, რადგან ფოლკნერის ისედაც რთული სტილი აქ კიდევ უფრო “ჩახლართულია” (ჩემი მოკრძალებული აზრით, ცოტა დამღლელიც).
ბოლო კომენტარები