იცნობთ ჰაინრიხ ბიოლს? მე მას ხუთიოდე წლის წინ შევხვდი და ნელ-ნელა გავიცანი უკაცო სახლის ბინადრები, ნაღვლიანი სახის მქონე კაცი და კლოუნი… ახლა კი მინდა თქვენც გიამბოთ ორი ახალი შეხვედრის შესახებ.
“ჯგუფური პორტრეტი ქალთან” ჩემთვის უფრო ფერწერული ნამუშევარია, ვიდრე წიგნი. ავტორი, უფრო კი მისი ნაცნობები, საკუთარ შტრიხებს ამატებენ მთავარი გმირის – ლენი პფაიფერის – პორტრეტს და მასთან ერთად საკუთარ თავსაც გამოსახავენ გრანდიოზული მასშტაბების ნახატზე. ფონად კი ამ ყველაფერს სხვადასხვა დროის გერმანიის პეიზაჟი გასდევს და ალბათ ნამდვილი პერსონაჟიც სწორედ ისაა და არა ლენი – ქალი, რომელმაც ყველა ეპოქაში იცხოვრა და ჩვენს მეხსიერებაში მხოლოდ სხვათა მონაყოლით დარჩა… ჩემთვის მთავარი სწორედ გარემოა და არა ქალი, რომლის პორტრეტიც მე არ მომეწონა…
სულ სხვანაირი წიგნია “ბილიარდი ათის ნახევარზე”. მთავარი გმირი, ისევე როგორც ბიოლის ყველა ნაწარმოებში, ფაშიზმის მსხვერპლად ქცეული გერმანიაა, თუმცა აქ თხრობა განსაკუთრებით სასიამოვნო მეჩვენა (რასაც ვერ ვიტყვი ზემოთხსენებულ წიგნზე). ბევრ ადამიანთან შეხვედრა და მათ ცხოვრებაში “ჩართვა” დამღლელი სულაც არ გახლდათ. პირიქით, ფემელებისა და მათ გზაზე “შემთხვევით” აღმოჩენილი ხალხის “გერმანული” თავგადასავლები ჰერ ჰაინრიხმა მართლაც რომ დიდებული ოსტატობით დახატა და თითოეული მათგანის საიდუმლო თუ ტკივილი გულში ჩამწვდომი გახადა… და უცებ მივხვდი, რომ ერთი დღე შეიძლება ყველაფერს მოიცავდეს – ტრადიციულ ბილიარდს ათის ნახევარზე, უამრავ ისტორიას და ყველაფრის რადიკალურად შეცვლას…
P.S. ბოლო დროს ეს წიგნები ქართლად არსად შემხვედრია. თუმცა თუ თქვენთვის ხელმისაწვდომ რომელიმე ენაზე გადააწყდებით, სცადეთ – “ბილიარდი” ნებისმიერ დროს წასაკითხი წიგნი მგონია, “პორტრეტი” კი – მხოლოდ დასვენებული გონების “საკვები”…
ბოლო კომენტარები