კაზუო იშიგურო იშვიათი მწერალია… მის პროზაში იაპონურ და ბრიტანულ მოტივებს ერთად შევიგრძნობთ და იმიტომ… ალბათ ეს მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მისი წიგნების კითხვისას თვალწინ ყოველთვის თოვლიანი პეიზაჟი მიდგას… კიდევ იმას, რომ მისი ნაამბობი მსახურთუხუცესის შესახებ ასეთი რეალური და საინტერესოა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). მსახურის სტატუსი ხომ იშიგუროს ორივე სამშობლოში დიდად დაფასებული გახლავთ. მსახურთუხუცესი სტივენსიც ჭეშმარიტი ბრიტანელია და ამასთანავე იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მრავლად აქვს – უანგაროდ ემსახურება საკუთარ საქმესა და ბატონს. მისი საქმიანობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ვერც პირად ცხოვრებაზე ფიქრობს, ვერც სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული მამისთვის იცლის და ვერც ლორდი დარლინგტონის უარყოფით მხარეებს ამჩნევს… სანამ ბატონი ცოცხალია, ის მისთვის ყველაფერია (იაპონელები ხომ ბატონთან ერთად იხოცებიან) და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იყურება უკან – საკუთარი, ევროპისა და გარშემომყოფთა წარსულისკენ…
ასეთია ჩვენი სტივენსი და მას რომ ვუყურებ, მიხარია… მიხარია, რომ დღეს მსახურთუხუცესების მომსახურებით აღარავინ სარგებლობს (ისინი დღესასწაულთა ორგანიზატორებმა და მიმტანებმა ჩაანაცვლეს). აღარ არსებობენ მისნაირი ადამიანები, რომლებიც რეალურად ადამიანები არც არიან. თანამედროვეობაში მათ რობოტები უფრო შეიძლება დავარქვათ (თუმცაღა იქნებ აზიმოვისეული რობოტები ბევრად უფრო ადამიანურებიც არიან). ისინი იმდენად ღრმად მალავენ საკუთარ გრძნობებს “ღირსეული მსახურის” ნიღაბს მიღმა, რომ საბოლოოდ მარადიულად იწებებენ მას და ვეღარც კი ხვდებიან, რომ ცხოვრების მიზანი კარგად გაპრიალებული ვერცხლეული სულაც არ არის… ვერც სტივენსი მიხვდა, მიუხედავად იმისა, რომ დღის მიწურული საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრს მიუძღვნა… უკვე აღარ შეეძლო “ადამიანური” ფიქრი და იმიტომ…
P.S. სამწუხაროდ, წიგნის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა შეგიძლიათ ძალიან კარგი ეკრანიზაცია მოიძიოთ.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა და აი, როგორც იქნა ქართული თარგმანიც გვაქვს! ასე რომ, მოიძიეთ “პალიტრა L”-ის გამოცემა და ისიამოვნეთ.
მაისი 23, 2017 @ 06:19:42
Hi,
I’ve came across that information yesterday and thought it would help you, read more here please http://tendency.uhdshots.com
Sincerely yours, m_mishka
LikeLike