“ჩემი სამშობლო იყო
ვაშლის კურკა
დავხეტიალობდი
ნამგალსა და ვარსკვლავს შორის”
ჰერტა მიულერი მამაცი ქალია, ძალიან მამაცი ქალი… წარმოიდგინეთ, რომ ჩაუშესკუს რუმინეთში ცხოვრობთ და მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. ბევრი ვერ შეძლებს იმ ყველაფრის გადატანას, რასაც მან გაუძლო… ვერც მე შევძლებდი… 21-ე საუკუნის გადასახედიდან ძალიან ადვილია სიმართლისთვის თვალის გასწორება და მთელი მსოფლიოს დასანახად მისთვის ბრძოლა. მე-20 საუკუნის რუმინეთში კი რა იყო ჰერტასა და სხვების ცხოვრება? ნაცრისფერი ბავშვობა უცნაური ილუზიებით, “ღრმადმორწმუნე” ნაცისტები და საბჭოთა ბანაკიდან დაბრუნებული ქალები, რომლებიც ხარბად ჭამენ, თმას აღარ იზრდიან და ეროვნულ კაბებს აღარ იკერავენ… ერთფეროვანი ფაბრიკები, თანამშრომლების ქვედაბოლოების ქვეშ შემძვრალი “ბოსები”, ჩასაფრებული კარისკაცები და საიდუმლო პოლიცია, რომელსაც არასდროს სძინავს…
რას ვიზამდით ჩვენ ჰერტას ადგილას? შეიძლება მთლად ჯენისავით (კლარაში რომ ადვილად ამოვიცნობთ) პირადი კავშირები არ გაგვება “ადვოკატთან”, მაგრამ ალბათ ბოლო-ბოლო მაინც მოვაწერდით ხელს თანამშრომლობის დოკუმენტს, ან სულაც საკუთარი ხელით დავასრულებდით ამქვეყნიურ ტანჯვას. თუ ვერ გადავწყვეტდით, დაგვეხმარებოდნენ – მდინარეში ჩაგვახრჩობდნენ ან ნელ-ნელა გადაგვიყვანდნენ ჭკუიდან პარკეტზე გაფენილი მელიის “დახმარებით”… ჰერტამ კი რა ქნა? ჯერ სამშობლოში (დიახ, ჰერტა ნამდვილად რუმინელია და არა გერმანელი. მან იმდენი რამ გააკეთა რუმინეთისთვის, რომ ეთნიკური წარმომავლობა უკვე აღარაფერს ნიშნავს) გაუძლო დევნას, შემდეგ კი გერმანიიდან განაგრძო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. მერე რა, რომ იქაც არ ასვენებდნენ. მაინც ვერ გატეხეს. ის ახლაც იბრძვის – დიქტატორის “ყოვლისმხედველი კულული” წარსულს ჩაბარდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში სოვიეტიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია… და ჰერტაც იბრძვის – ხან ჩაუშესკუს, ხანაც პუტინის, უბრალოდ ტირანიის წინააღმდეგ…
P.S. თუ დაინტერესდით, ორივე წიგნს მარტივად მოიძიებთ. ისინი “ინტელექტმა” და “არტანუჯმა” შემოგვთავაზეს.
%(count)s კომენტარი (+add yours?)