ჟანრები აკუნინისგან

i_001ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂

ხანგრძლივი და მრავალფეროვანი “მოგზაურობა” პიესებით დავიწყე. დიახ, ჩეხოვის “თოლიისა” და შექსპირის “ჰამლეტის” ალტერნატიული ვერსიები ოფიციალურად სერიის “წევრებად” არ მოიაზრება, თუმცა პიესაც ხომ ერთგვარი ჟანრია… ჰოდა, მეც სასწრაფოდ გზას გავუდექი და სიმართლე გითხრათ, არც მინანია. აკუნინის ასეთ “თავხედობას” ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ პირადად მე მშვენივრად გავერთე – აბა, წარმოიდგინეთ, რომ კონსტანტინ გავრილოვიჩი სინამდვილეში მოკლეს და გამოძიება ექიმ დორნს (!) დაუწყია, ჰამლეტის მამის მკვლელობა კი სულ სხვა ვითარებაში მომხდარა… და იცით ვინ არის ჰორაციო? არა, თქვენ შეიძლება მრავალჯერ გაქვთ გადაკითხული ჩეხოვიცა და შექსპირიც, მაგრამ როცა საქმეში აკუნინი ჩაერევა, ჯონ სნოუმაც კი თქვენზე მეტი იცის 🙂

ნამდვილი “ჟანრები”  სულ სხვა ჟანრით – “ჯაშუშური რომანით” – დავიწყე… და მე თუ მკითხავთ, ეს ნამდვილად ღირსეული დასაწყისი გახლდათ. ბატონი ბორისი საქმეს ჩვეულებისამებრ დიდი ოსტატობით შეუდგა და სიუჟეტი ისე ჩახლართა, რომ ძილიც გამიკრთა და მადაც დამეკარგა (დამეთანხმეთ, რომ ღამით მაცივარში “ძრომიალს” კითხვა სჯობს). სულგანაბული მივყვებოდი დორინს (!), რომელიც ჩვეულებრივი მოკრივეობიდან უცებ “ნკვდ-ელი” ოქტიაბრსკის დაქვემდებარებაში გადავიდა და რა არ იღონა, რომ ჰიტლერის ჩანაფიქრი ამოეხსნა და ე.წ. “სამამულო ომის” დაწყების თარიღი შეეტყო. მაგრამ ნაცისტური გერმანია რის ნაცისტური გერმანია იქნებოდა, აკუნინი კი – რის აკუნინი, რომ ჩვენი მამაცი ბიჭის მისია ადვილად შესრულებულიყო… ან იქნებ არც შესრულებულა? ამას , რა თქმა უნდა, არ გეტყვით. მწერლის ოსტატობაც სწორედ ამაშია – ვერც დასასრულს გამოიცნობთ და ყოველი შემდეგი თავიც გაგაოცებთ…

აი “ფანტასტიკა” კი ნამდვილად არ არის “აკუნინური” ჟანრი. ალბათ გამოთქმა “პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო” მართალია და sci-fi-ც ბრედბერიმ, აზიმოვმა და დიკმა უნდა წერონ. აკუნინმა კი უცხოპლანტელების “თავდასხმაზე”, მათგან საოცარი ძალებით “დასაჩუქრებულ” დორნოვსკისა (!) და დრონოვზე (!) კი არა, იმაზე უნდა მოგვითხროს, რაც შემდეგ “ნაწილში” ხდება. აბა რა წესია – ასეთი მწერლის წიგნი და მთქნარებას იწვევდეს? Это нечестно 🙂

სამაგიეროდ “კვესტში” ისეთი ამბები დატრიალდა, რომ ვიღას გაახსენდა მარსი და რობოტები. ჩვენი შალვოვიჩი ისევ “საკუთარ” ჟანრს დაუბრუნდა და კომპიუტერული თამაში-წიგნი საოცარ თავგადასავლად აქცია. ჯერ იყო და მრავალი არჩევანით დახულძლული “level-ები” შემოგვთავაზა (გამოგიტყდებით და მე 30-იანი წლების ადამიანებიდან გერმანელს და რუსს არ ავირჩევდი. შეიძლება პარანოიაა, მაგრამ მგონია, რომ იმ პერიოდში ამ ხალხის ნდობა არ შეიძლებოდა. იაპონელებისგან განსხვავებით 🙂 ), შემდეგი კი მათგან ჭეშმარიტად საუცხოო ისტორია ააწყო. თავად განსაჯეთ – ამერიკელი მეცნიერი ნორდი (!) სსრკ-ს განსაკუთრებული მისიით ეწვია – “უკვდავებისა” თუ “ძალაუფლების” ელექსირის საიდუმლო უნდა ამოეხსნა. ახლად გასაბჭოებულ რუსეთში რა ხდებოდა, თავადაც გეცოდინებათ. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ლენინი და სტალინი მართლაც რომ არსაიდან აღმოჩდნენ სათავეში და იქნებ დაიჯეროთ კიდეც დაუჯერებელი ამბის ნამდვილობა 🙂 და კოდები? თამაშის კოდები ყოველთვის მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ აქ ასე არ არის. ბორისი წარსულში გადაგვისვრის, სადაც სამსონ ფონდორინიცაა (!), ნაპოლეონიც და კიდევ ვინ აღარ 🙂

სულ ბოლო “მოგზაურობა კი გახლდათ ” “საბავშვო წიგნი გოგონებისთვის”. ასეთი შესანიშნავი “თამაშის” შემდეგ წიგნი ცოტა სკეპტიკურად გადავშალე (ავტორი გლორია მუ ვინ არის, წარმოდგენა არ მაქვს არც მე და არც ვიკიპედიას. თან ლასტიკის მერე ანგელინა? ჰმ!). არადა, თურმე ნუ იტყვით და წარსულში მოგზაურობა მხოლოდ დიდი ერასტის მოსახელე ფანდორინს კი არ შესძლებია. მისი ტყუპისცალი დაც “უმტკივნეულოდ” გაემგზავრა მეოცე საუკუნის დასაწყისში (ე.წ. ფერიის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ ასევე ფანდორინების შტოს წარმაოდგენს) და საკუთარი დიდი ბებიის (ალტინის მხრიდან) სხეულში “ჩასახლდა”. “დაიცვა” თუ არა მან სამოთხის ვაშლი, თავად ნახეთ. მე კი ჩავთვლი, რომ “ჟანრების” გაცნობაში დრო მშვენივრად გავატარე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბორის აკუნინის “ხელობა” თავაგადასავლებია. ამ ჟანრში მას ბადალი ნამდვილად არ ჰყავს 🙂

P.S. სამწუხაროდ, აკუნინის ეს სერიაც არ გვაქვს ქართულად. საკუთარი გამომცემლობა რომ მქონდეს, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი (იქნებ ბოლო-ბოლო თარგმანისთვისაც მომეკიდა ხელი – რატომღაც გარშომომყოფები წლებია აქტიურად მირჩევენ, რომ თავი დავანებო ბანკებში უაზროდ ტანჯვას და რუსული ენის ცოდნა უბრალო კომფორტიდან სასარგებლო ხელობად ვაქციო). მგონია, რომ ბატონი ბორისის წიგნები ზუსტად შეესაბამება დღევანდელ რეალობას – დამღლელ დროში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაცაა და ასე ძვირფას საათებსაც უაზროდ არ გვართმევს… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ მწერლის “კომერციულობაში”, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამიტომ გამომცემლობას ვერ გავხსნი 🙂 ასე რომ, დაველოდოთ. იქნებ ვინმემ შეისმინოს მკითხველების თხოვნა 🙂

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 25, 2015 @ 21:08:40

    კვესტი საუკეთესოა ჟანრებს შორის. ფანტასტიკა მეც ყველაზე ნაკლებად მომეწონა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 25, 2015 @ 21:17:14

      ფანტასტიკის ჟანრში ისეთი წიგნები წაგვიკითხავს, აკუნინი ვეღარ მოგვაწონებდა თავს 🙂 აი, თავგადასავლებში კი ნამდვილი ოსტატია 🙂

      Like

      Reply

      • მოლი ბლუმი
        Dec 25, 2015 @ 21:45:47

        მე ასე მესმისო, როგორც მახსოვს, ყოველდღიურობა + ცოოოტა არაჩვეულებრივი, არამიწიერიო. ურიგო ფორმულა არ არის, მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა.

        Liked by 1 person

        Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: