გიფიქრიათ საყვარელი ნახატების შექმნის პროცესზე? ვინ იცის, რამდენჯერ წარმოგიდგენიათ ლეონარდოს წინ გაუნძრევლად მჯდომი ჯოკონდა, რომელიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია… ტრეისი შევალიემაც წარმოიდგინა “თავისი” გოგონა მარგალიტის საყურით…
არავინ იცის ვინ არის იოჰანეს ვერმეერის ცნობილ ნახატზე გამოსახული გოგონა, თუმცა ის ჩვენთვის ყოველთვის გრეტად დარჩება. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – გრეტა საოცრად რეალურია. ნამდვილია ის ცხოვრებაც, რომელიც მის გარშემო მიედინება – კათოლიკებად და პროტესტანტებად დაყოფილი ჰოლანდია, პურიტანული სამყარო, რომელიც “საიმედოდაა” ჩარაზული… გრეტა ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ამასთანავე ვერმეერის შემოქმედების მწვერვალიც… ის ტრეისიმ შექმნა, თუმცა მისი ამბავი იდეალურად ერგება დროსა და სივრცეს. ის მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი ქალია, რომელიც სიღარიბეს მოსამსახურის სტატუსზე “ცვლის” (უფრო სწორად, იძულებულია ასე მოიქცეს) და ბოლომდე იცავს საკუთარ რელიგიას (კათოლიკური სიმბოლიკის ეშინია კიდეც), პატიოსნებას (თმასაც კი არ აჩენს და როცა ბოლო-ბოლო დგამს ამ ნაბიჯს, ეს უფრო დიდი ეროტიკაა, ვიდრე სრული სიშიშვლე). პირველი სიყვარულიც კი ვერ აიძულებს წონასწორობის დაკარგვას… ასეთია გოგონა მარგალიტის საყურით – ასეთი საინტერესო პიროვნებაა და ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა იოჰანეს ვერმეერმა მისი დახატვა. ალბათ ამიტომ გაუძლო მისმა სახემ საუკუნეებს…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “დიოგენემ” შემოგვთავაზა. გადაშალეთ და გაემგზავრეთ ჰოლანდიაში. მერწმუნეთ, ფილმზე უფრო სასიამოვნო მოგზაურობა გელით (ამას მეც კი ვაღარებ – კოლინ ფერტის ძველი გულშემატკივარი) 🙂
ბოლო კომენტარები