გახსოვთ ელჯერნონი? პირადად მე მისმა ამბავმა ისე შემძრა, რომ დღემდე მიჭირს დავიწყება, თუმცა მგონია, რომ არსებობს დენიელ კიზის კიდევ ერთი გმირი, რომელსაც გონებიდან ვერასდროს ამოვშლი. ეს ბილი მილიგანია – რეალურად არსებული ადამიანი, რომელსაც 24 გონება ჰქონდა…
ბილის ამბავი შეიძლება ადრეც გსმენიათ (პიროვნების გაორება ფსიქიატრიაში ხშირია, თუმცა 24 ადამიანის ერთ სხეულში ცხოვრება უნიკალური ფაქტია), მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისტერ დენიელი მას სულ სხვაგვარად დაგანახებთ – აუცილებლად მიგახვედრებთ, რომ ბილი ჩვეულებრივი აფერისტი კი არა, მძიმე ავადმყოფი გახლდათ, რომელიც აუტანელ ტკივილს განიცდიდა. დიახ, არ ვაჭარბებ. ერთი ადამიანის ფსიქიკის დაზიანებაც კი უმძიმესი რამაა და აბა წარმოიდგინეთ 24 ადამიანის ერთდროული ტანჯვა? წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა კაცი, რომელიც 23 წლის ასაკში გაუპატიურებისა და ძარცვისთვის დააპატიმრეს, მას კი უბრალოდ არ ახსოვდა რა მოხდა. ან კი როგორ გაიხსენებდა იმას, რაც 24-დან ერთმა პიროვნებამ ჩაიდინა – მუდმივად “მძინარე” სუიციდისკენ მიდრეკილმა “მასწავლებელმა”, დახვეწილმა ინგლისელმა, აგრესიულმა ტიპმა იუგოსლავიიდან, ლესბოსელმა გოგონამ ან ნებისმიერმა სხვამ. თავის მხრივ ხომ 24-ვეს ჰქონდა თავისი შერყეული ფსიქიკა, თავისი ტკივილი, თავისი სიცოცხლე…
P.S. ბილი მილიგანი დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა ის დღემდე რჩება გამორჩეულ პიროვნებად. შეიძლება ის არც დენიელ კიზივით ცნობილი მწერალი იყო, არც ლეონარდო დიკაპრიოსავით ცნობილი მსახიობი, თუმცა მისმა 24-მა სიცოცხლემ დაანახა მსოფლიოს, თუ რა მოსდევს ოჯახურ ძალადობასა და საზოგადოების გულგრილობას…
P.P.S. მე თუ მკითხავთ, ბათუმელების (კერძოდ, თინათინ ხომერიკის) ეს თარგმანი ფსიქოლოგებისთვის და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულთათვის აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს. დენიელ კიზზე უკეთესად ვერავინ შეძლებს ამ თემის გაშლას…
ბოლო კომენტარები