გახსოვთ სიბნელეში ჩაძირული მეტრო? მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიის დასასრულს წლებია ველოდებით და დიმიტრი გლუხოვსკიც დიდ ხანია გვპირდება, რომ ფინალური ამბავი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს… და აი დადგა ეს დღეც – “მეტრო 2035” გამოვიდა და მართლაც გადატრიალება მოახდინა. რატომ? იმიტომ, რომ არტიომი გაიზარდა. დიახ, 2035 წელს ის უვკე აღარ არის გმირი (მერე რა, თუ მისი გმირობის შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა). ახლა მას ჩვეულებრივ გიჟად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე მხსნელად. ამას კი მხოლოდ ერთი (და ძალიან “ნამდვილი”) მიზეზი აქვს – მეტროში ადამიანები აღარ ცხოვრობენ. მათ უფრო ღორები ეთქმით (ან იქნებ ეს ამ პატიოსანი ცხოველების შეურაცხყოფაც კია). მათთვის მთავარი პირადი კომფორტია, რაც ჩაკეტილ (ფაშისტებად, წითლებად და სხვა “რასებად” დაყოფილ) სივრცეში ბევრად უფრო ადვილი მისაღწევია, ვიდრე “სუფთა ჰაერზე”. მათთვის თავისუფლება სწორედ მონობაშია და არა “სუნთქვაში”…
…და რა რის ამაში ფანტასტიკური? დიმიტრი გლუხოვსკის სამყარო რეალურია და სულ ახლოსაა – განა ჩვენი მეზობლები არ არიან “საერთაშორისო” პარანოიით შეპყრობილი “ცხვრები”? თუმცა ვინ იცის… იქნებ ჩვენც მენტალურ მეტროში ვცხოვრობთ და უბრალოდ ვერ ვამჩნევთ… იქნებ ჩვენც შეურაცხადებად ვრაცხავთ არტიომის მსგავს ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საყოველთაო “სინათლე” სურთ და სხვა არაფერი… იქნებ ჩვენც ნელ-ნელა საშასავით ვიძირებით სიბინძურის მორევში, სოკოებივით ობი გვეკიდება და ვერც კი ვხვდებით, რომ მეტროს მიღმაც არის სამყარო… ისინი ხომ ვერ ხვდებოდნენ…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია.
P.P.S. გარეკანზე რა გითხრათ? ამ სერიის გაფორმება ხომ ცალკე სასწაულია 🙂
აპრილი 13, 2016 @ 18:54:39
ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად მომწონს ❤ 🙂
LikeLiked by 1 person