რაზე ფიქრობთ მაშინ, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებთ? შეიძლება ამ დროს პატარა უფლისწულიც კი გახსენდებათ, თუმცა უფრო ხშირად ალბათ მხოლოდ ციურ სხეულებს ხედავთ და არც მათ ჩამოვარდნას აქცევთ ყურადღებას (თუ ცრუმორწმუნე არ ხართ და სურვილის ჩაფიქრებას არ აპირებთ)… აი ნილ გეიმანს კი სულ სხვანაირი ხედვა აქვს. როგორი? ახლავე გიამბობთ.
მისტერ ნილის სამყაროში თუ მოხვდებით, არ გაგიკვირდებათ, რომ ვარსკვლავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია… ეს რა მოსატანია, როდესაც უოლიდან ზღაპრულ ქვეყანაში მოხვედრილ ტრისტრან თორნთან ერთად კიდევ იმდენი რამ გელით წინ – საიდუმლოებით მოცული ტყე, უცნაური კეთილი კაცუნა, მარტორქა, ჯადოსნური სანთელი, ბოროტი კუდიანები და არანაკლებ ბოროტი ტახტის მემკვიდრეები… მოკლედ, ჭეშმარიტად სახელის შესაფერის – ზღაპრულ – სამყაროში მოხვდებით და უკან გამოსვლა აღარც მოგინდებათ… ბოლო გვერდამდე ვერც გამოხვალთ – სანამ ნამდვილი (ცოცხალი) ვარსკვლავისა და ტრისტრანის ამბის დასასრულს არ გაიგებთ, რეალურ სამყაროში როგორ დაბრუნდებით. ხომ უნდა გაიგოთ ამჯერადაც სიკეთემ სძლია ბოროტებას, თუ ნილმა სხვაგვარად გადაწყვიტა…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ… მერე რა, თუ ზღაპარია. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თარგმანს დიდები უფრო “ჩაატანთ გემოს” 🙂
ბოლო კომენტარები