“ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…”
წაგიკითხავთ “ბებია, რეი და ამერიკა”? თუ პასუხი დადებითია, მაშინ დიდ სიამოვნებას მიიღებდით, თუ უარყოფითი, მაშინ ბევრი დაგიკარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული “სიღრმეებითა” და “ჩახლართული” სიუჟეტით გამოირჩევა… ამ წიგნის ხიბლი სულ სხვა რამეშია – გულწრფელობასა და თხრობის ისეთ სტილში, რომელიც თავს “სახლში” გაგრძნობინებთ. ასეთია “სამხრეთის უბანიც”.
სამხრეთის უბნის კარს რომ შეაღებთ, ალბათ იფიქრებთ, რომ უცნაურ ადგილას მოხვდით. აბა რა კავშირი უნდა იყოს ჯიმი მორისონს, ხულიო კორტასარს, მიხეილ ჯავახიშვილს, გაბრიელ გარსია მარკესს, ექვთიმე თაყაიშვილსა და მონა ლიზას შორის… ამ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანებს მარი ბექაური აერთიანებთ, რომელსაც მივყვებით თბილისიდან პარიზში, პარიზიდან ბრიუგეში, ბრიუგედან ამსტერდამში, ამსტერდამიდან ისევ თბილისში (თურქეთის გავლით)… მასთან ერთად ვტკბებით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, ლუვრის სილამაზით, კორტასარს 100 წლის იუბილეს ვულოცავთ, ჯიმი მორისონის საფლავს ვსტუმრობთ, ლევილში ქართველებს ვხვდებით, ბრიუგეში იმ პარკს ვეძებთ, კოლინ ფარელმა რომ დაგვამახსოვრა, ამსტერდამში “არაჩვეულებრივ” სასტუმროში ვსახლდებით (ამ ეპიზოდზე იმდენს იცინებთ… გაზის აფეთქების სცენაზეც)… თბილისში კი… ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მაინც თბილისში ხდება (30-იანი წლებსა და 90-იანებში), იმიტომ რომ ქართველები სადაც არ უნდა ვიყოთ, მაინც იმ სამხრეთელებად ვრჩებით, რომლებიც თან კოლექტივიზმს ვერ ამარცხებენ და თან თავისუფლებისთვის იბრძვიან… ჩვენში ცოცხლობენ ის დაუღალავი მეომრები, რომლებმაც მტერს თავი შეაკლეს, ან სამუდამოდ დატოვეს სამშობლო და მარადიული ნოსტალგიისთვის გაწირეს თავი… ჩვენ ვერაფრით ვივწყებთ ომს, რომელიც შეიძლება საკუთარი თვალით არ გვინახავს, მაგრამ უნახავთ ჩვენს მამებსა და დედებს, რომლებიც საოცრად ჰგვანან მარკესის გმირებს და რომლებმაც შექმნეს საკუთარი მაკონდო… ჩვენ გაბოსა და ჩეს გმირები ვართ – მათსავით ბევრს ვფიქრობთ, ცოტას ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით და თითქმის არასდროს ვტირით… იმიტომ, რომ ჩვენ არც აღმოსავლეთი ვართ და არც დასავლეთი – ჩვენ სამხრეთის უბანში ვცხოვრობთ!
P.S. ბოლოს ჯიმისა და ჩარლის მოვუსმინოთ. კარგ მუსიკას რა სჯობს 🙂
მაისი 03, 2016 @ 21:32:04
გულწრფელად წერს მარი . ისე, როგორც თვითონ სჯერა .
ოთხივე წიგნი მიყვარს , მაგრამ ეს და “მეორე მხარე” მთლად უკეთესია ^^
LikeLiked by 1 person