სტუმრად სხვა ამსტერდამში

DSC01194ალბათ ამსტერდამის შესახებ ბევრი გსმენიათ (იქნებ საკუთარი თვალითაც კი გინახავთ ეს ქალაქი), თუმცა გამოცდილ მკითხველებს კარგად მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ლიტერატურულ საქართველოში დათო ტურაშვილზე უკეთეს გიდობას ვერავინ გაგიწევთ. სწორედ მას უნდა მიმართოთ, თუ ნამდვილი ამსტერდამის ნახვა გსურთ და თუ ასე მოიქცევით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით თქვენც აღმოაჩენთ თქვენს სხვა ამსტერდამს.

ამსტერდამის სილამაზე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ დათოს ამსტერდამში მთავარი მიმზიდველი ჰოლანდიური არხები სულაც არ არის. უმთავრესი ის არის, რაც აქ ყველაზე მეტად გვაკლია (გარემოს ვიზუალური მხარე კი სწორედ ისაა, რაც ეგებ სხვებზე ბევრად უკეთესიც კი გვაქვს) – შინაგანი თავისუფლება. რომ არა 1921 წელს მომხდარი ტრაგედია, იქნებ ჩვენც შეგვძლებოდა ჰოლანდიელებივით ცხოვრება. ჩვენც ვიქნებოდით ბევრნი (ნიდერლანდების სამეფო ხომ ჩვენზე პატარაა, მოსახლეობის რაოდენობით კი მნიშვნელოვნად აღგვემატება) და ბედნიერები. ბედნიერი იქნებოდა ყველა – ადამიანებიც და თვით ძროხებიც კი… ან შეიძლება ყველა ბედნიერი ვერ ყოფილიყო, თუმცა უკლებლივ ყველა იბრძოლებდა საკუთარი ბედნიერებისთვის. არავის შეეშინდებოდა სიყვარულის დათოს ინტერნეტ-მეგობარივით და არავის დაენგრეოდა ცხოვრება ასე, რადგან მაშინ არავინ იცხოვრებდა 90-იანების თბილისში – “ყალბ ქალაქში”, რომელშიც მხოლოდ ტყვიების, გინების და უაზრო სადღეგრძელოების ხმა ისმოდა. არავინ ივლიდა მეტროთი, რადგან ყველას მოუნდებოდა “მწვანე” ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება, გზად კომუნიკაცია, გაღიმება და მისალმება… არავისთვის იქნებოდა სექსი უხამსობა, გაუთავებელი ჭამა, სმა და მოწევა კი – ჩვეულებრივი ამბავი… რომ არა თითქმის საუკუნის (ან სულაც ორი ასეული წლის)  წინ დაწყებული მენტალური ოკუპაცია, ჩვენ ვიქნებოდით თავისუფლები ყველგან და ყველაფერში – სიცოცხლესა და სიკვდილში, თბილისსა და ამსტერდამში. ჩვენთანაც იქნებოდა “ამსტერდამული” სიმშვიდე იმიტომ, რომ მეტს ვიშრომებდით, მეტს ვიფიქრებდით ლიტერატურაზე, კინოზე, ფეხბურთზე, ანე ფრანკსა და ვინსენტ ვან გოგზე… და არ შეგვაწუხებდა “აგრესიული” აზრები… არც აგრესიული მეზობელი… იქნებ არც კუნძულ ტექსელზე მომხდარიყო აჯანყება და მეორე მსოფლიო ომს სულაც გვერდი აევლო ქართველებისთვის – მათ შორის მელენტი მასხულიასთვის…

თუმცა რა აზრი აქვს ახლა ამაზე მსჯელობას. ისტორიის შეცვლა შეუძლებელია. სამაგიეროდ შეიძლება მომავლის შექმნა – ევროპული მომავლის, სადაც არავინ არავის არაფერს მოახვევს თავს – ყველა თავად გააკეთებს არჩევანს და ყველას ექნება თავისი ამსტერდამი – ზოგისთვის ის “მოსაწევის” სურნელით გაჟღენთილი გრძელი “წითელი ფარნების ქუჩა” იქნება, ზოგისთვის კი – სუფთა ჰაერითა და პოზიტივით აღსავსე ქალაქი…

P.S. როგორც იქნა, “სხვა ამსტერდამი” უკვე წიგნადაც გამოიცა (ფოტოზე სწორედ “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობის” სრული ვერსია აღვბეჭდე და არა საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოსული ინტერნეტ-რომანის პირველი თავი) . ასე რომ, თუ გაინეტრესებთ სინამდვილეში რა შეემთხვათ მელენტი მასხულიას, აჯანყებულ ქართველებსა და დათოს მეგობარს, წიგნის მაღაზიას უნდა მიაკითხოთ (აქ მთლად ამსტერდამივით ყოველ ნაბიჯზეც ვერ გადააწყდებით, მაგრამ არც რთული საპოვნელია).

P.P.S. სულ ბოლოს მუსიკალური პაუზა 🙂

1 კომენტარი (+add yours?)

  1. მიშო
    მაისი 23, 2017 @ 06:19:06

    Dear,

    Just wanted to share with you my impressions about an amazing place, we’ve been there lately and we’ve liked it so much. Please take a look http://web.realityenhancer.com

    Bests, m_mishka

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი