ალბათ ზომბებს ძალიან კარგად “იცნობთ”. მათ შესახებ ხომ უამრავი ფილმი და წიგნი გვიამბობს… არც ის არის ახალი ამბავი, რომ ადამიანები ომის, სიძულვილისა და ეგოიზმის მორევში ჩავიძირეთ და ნელ-ნელა მივექანებით სამყაროს დასასრულისკენ… სწორედ ამიტომ აიზეკის წიგნს დიდი ხანია სკეპტიკურად ვუყურებ და კითხვაც ასეთივე განწყობით დავიწყე… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შევცდი.
ჩვენთვის კარგად ცნობილ ისტორიებში ყველაფერი ძალიან ბანალურია – პირსისხლიანი ზომბები მისდევენ ადამიანებს, ჩვენ კი ერთი სული გვაქვს, როდის ამოხოცავენ ეს უკანასკნელნი ისედაც მკვდარ მდევრებს… აქ კი სულ სხვანაირადაა საქმე. ჩვენი “სიყვარულის” ობიექტი თავად ზომბი რ-ა, რომელიც აზროვნებს (!) და მასთან ერთად ჩვენც სულ სხვანაირად ვიწყებთ აზროვნებას – არ გვინდა ზომბის განადგურება! პირიქით – ჩვენი ერთადერთი სურვილი მისი გადარჩენაა. ყველანი ერთად ვგულშემატკივრობთ შეყვარებულ ზომბს, მის “ცოცხალ” მეორე ნახევარს და სამყაროს, რომელსაც ეძლევა კიდევ ერთი შანსი… ყველანი ერთად ველოდებით, რომ რ-ს გამთბარი გული გაათბობს სხვების (“მკვდრებისა” და “ცოცხლების”, რომელთა შორის ზღვარი წაშლილია) გულებსა და სხეულებს და დაამარცხებს ეპიდემიას… მოხდება ეს, თუ დედამიწის ისტორია საბოლოოდ დასრულდება? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ… მგონი, არ ინანებთ და არ იფიქრებთ, რომ მორიგი “ერთფეროვნება” წაიკითხეთ 🙂
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მიძიებთ. მისი ქართული თარგმანი ბათუმელებმა შემოგვთავაზეს.
ბოლო კომენტარები