“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
ხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები (ზოგადად მცირე ზომის ნაწარმოებები) არ მიყვარს, თუმცა ბოლო დროს მაინც ხშირად ვიღებ ხელში კრებულებს ან სულ პატარა წიგნებს და რამდენიმე საათით ვწყდები რეალობას. მართლაც, არსებობენ მწერლები, რომლებსაც შეუძლიათ სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გადაგვიყვანონ სრულიად სხვა სამყაროში. ახლა სწორედ ოთხ მათგანზე მინდა გიამბოთ.
ხულიო კორტასარს თუ იცნობთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ საოცარი მწერალია. არა, ამ შემთხვევაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ჭეშმარიტად ორიგინალური წიგნის – “კლასობანას” – ავტორი აუცილებლად ფავორიტთა შორის უნდა გყავდეთ (ეს ღმად სუბიექტური ამბავია), თუმცა მისი სტილის განსაკუთრებულ დახვეწილობაში ეჭვს ვერ შეიტანთ (ამაში დასარწმუნებლად “მდევარის” გახსენებაც კი საკმარისია). სწორედ მისი საფირმო ხელწერის ნიმუშია “ეშმაკის დორბლი” – ძალიან პატარა, მაგრამ საოცრად ლამაზი მოთხრობა. მერე რა, თუ ძალიან სწრაფად ჩაიკითხავთ. ფოტოგრაფისა და მისი ობიექტების ამბავი მაინც ფოტო-კადრებივით ჩაგივლით თვალწინ და სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში.
ვერც შან სას მიერ მოთხრობილ ამბავს დაივიწყებთ მარტივად. “გოს მოთამაშის” ავტორმა ციური მშვიდობის კარიბჭესთან გამართული ანტიკომუნისტური აქციის ლიდერისა და მისი მდევრის ისტორია ჩინური იეროგლიფებივით ლამაზად მოხაზა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა გემოვნებით “შეაზავა” ჯადოსნობით.
ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) კობო აბეს მიერ შემოთავაზებული ამბავი საზოგადოებისგან გაქცევის ორიგინალური ხერხის – ყუთში დამალვის – შესახებ. ადამიანი-ყუთის ჩანაწერები ფერმკრთალდება ქვიშაში გამომწყვდეული კაცისა და უსახოდ დარჩენილი ადამიანის ისტორიათა ფონზე. არ ვიცი, რამდენად არის ეს სიმცირის ბრალი, თუმცა ჩემთვის ასეა.
თუ იაპონიაში მოგზაურობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი მოცულობის მნიშვნელობაზე, პერ ლაგერკვისტმა შემახსენა, რომ ლიტერატურაში ნაჩქარევ კოცნას თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. განა ბევრი შეძლებდა ასეულობით გვერდზე ამბის ისე გაშლას, როგორც ეს მან სულ მცირე ნაწარმოებში მოახერხა? “ბარაბას” შემდეგ რთული არ იყო იმის წარმოდგენა, რომ პერი სიბილას ცხოვრების ისტორიასაც დაუვიწყარს გახდიდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და თამამად შემიძლია ვთქვა – პერ ლაგერკვისტი არის ადამიანი, რომელსაც ძალუძს მარადიული საფიქრალის გაჩენა. სწორედ ასეთი იყო ღმერთის ძის ნაცვლად გადარჩენილი და ღმერთის მაძიებელი ბარაბას ამბავი და ასეთივეა ამბავი ღვთისმსახური სიბილასი (რომელმაც სიყვარული დაკარგა და ღმერთისგან შვა ძე) და აჰასფერისა (რომელიც ღმერთმა შეაჩვენა და რომელმაც, მიუხედავად მარადიული ტანჯვისა, არაფერი მოინანია)…
P.S. თუ გაქვთ რამდენიმე თავისუფალი საათი, მოიძიეთ ეს მცირე ნაწარმოებები (ქართულად ყველა გვაქვს) და იგრძენით ნაჩქარევი კოცნის ხიბლი.
აგვისტო 18, 2016 @ 23:24:55
kobo abe aris qartulad?
LikeLike
აგვისტო 20, 2016 @ 16:00:48
არის. “ბააკურ სულაკაურის გამომცემლობამ” “ქალი ქვიშაში” და “ადამიანი ყუთი” ერთ წიგნად გამოსცა.
LikeLiked by 1 person