ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი. ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც რვა ძალიან კარგი მწერლის შემოქმედებას აერთიანებს.
“8”-ს ფილიპ დიკი ხსნის თავისი დიდებული “უმცირესობის მოხსენებით”. ამ მოთხრობაზე, რომელიც ბევრ დიდ ნაწარმოებზე უფრო დასამახსოვრებელიც კია, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, ამიტომ ვრცლად აღარ შევჩერდები, თუმცა იმას გეტყვით, რომ ღირსეული კრებულის ღირსეული დასაწყისია.
ასევე საოცრად შთამბეჭდავია სხვათა მიერ შექმნილი მომავლის სამყაროც. აზიმოვისთვის ის განათლებისა და პროფესიის არჩევის “უცნაურ” გზებში მდგომარეობს, დეიმონ ნაითისთვის – გაურკვეველი მიზეზის გამო “გაკეთილშობილებული” არსებების სტუმრობაში, მაიკ რეზნიკისთვის – კაცობრიობის შიმშილისგან ხნის “უნიკალურ” გეგმაში, რობერტ შეკლისთვის – “იდეალურ” პლანეტაზე გამგზავრებაში, საიმაკისთვის – საოცნებო ემიგრაციაში, ერიკ ფრენკ რასელისთვის – განდების პლანეტის “მოშინაურებაში”. ფრედერიკ ბრაუნისთვის მომავალი იარაღთან ასოცირდება, თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ, სხვებისგან განსხვავებით, “მისი” სამყარო ჩემთან ახლოს ვერ მოვიდა (იქნებ მოცულობის ბრალია, ან სულაც ჩემი გემოვნების).
ასეთი “მომავლის ამბები” შემოგვთავაზა ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ. რა თქმა უნდა, ზოგადად წიგნები გემოვნების ამბავია (განსაკუთრებით მოთხრობები), თუმცა თუ ფანტასტიკა გიყვართ, მგონი, უნდა მოიძიოთ. იმოგზაურეთ მომავალში და ჩემსავით იგრძენით, რომ იქ ხართ… და ჩემსავით გაოცდით თითოეული მოთხრობის დასასრულით 😉
%(count)s კომენტარი (+add yours?)