გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ “ჭიანჭველებზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ ბერნარ ვერბერის წიგნის ქართული თარგმანი ახალი გამოსული გახლდათ და ლიტერატურის მოყვარულთა დიდი ნაწილი ღრმად იყო ჩაფლული ჭიანჭველების სამყაროში – დიდი მონდომებით ვეძებდით სარდაფში დაკარგულ ჯონათანსა და სხვა ადამიანებს და თან მწერების “გაადამიანურების” პროცესს ვაკვირდებოდით.
ახლა კი გაგრძელებებზე მინდა გიამბოთ. ამ ორს შორის ჩემი ფავორიტი “ჭიანჭველების დღეა”. ბატონმა ბერნარმა შესაშური გემოვნებით (შეიძლება მისი წერის “რთული” სტილის გამო ბევრი არ დამეთანხმოს) “შეაზავა” უცნაური მკვლელობების გამოძიებაზე “დაფუძნებული” დეტექტიური ხაზი, ჭიანჭველების სამყაროში დასადგურებული არეულობა, ამონარიდები ჩვენი ძველი ნაცნობი მეცნიერის ენციკლოპედიიდან და სარდაფის “ტყვეთა” ამბის “კვანძის გახსნა”.
“ჭიანჭველების რევოლუციამ” კი ოდნავ “მომაწყინა”. ჭიანჭველებისა და ჩვენი მეცნიერის ნაშრომის გავლენით “ანარქისტებად” ქცეული ახალგაზრდების ამბავი ნაკლებად მიმზიდველად მეჩვენა, თუმცა დასასრულმა ყველა “ცოდვა” გამოისყიდა. როგორი იყო ამ გრძელი და მუდმივად “ცვალებადი” ამბის ბოლო? ამას, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ. ყველაფერი ხომ ამისთვის მოხდა – ბერნარ ვერბერმა ამიტომ დაწერა სამი დიდი წიგნი და ჩვენც ამისთვის წავიკითხეთ ისინი – რომ ბოლომდე შეგვეგრძნო ჭიანჭველების სამყარო…
P.S. როგორც ამბობენ, მესამე ნაწილის თარგმანი “გზაშია”, თუმცა ვეღარ დაველოდე. ჭიანჭველების ამბის დასასრულის გაგება ისედაც გამიგრძელდა 🙂
ბოლო კომენტარები