გინახავთ ძველი ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილი (იმ მომენტში) ადამიანები არიან აღბეჭდილნი? არა, რენსომ რიგზის წიგნში ასეთ საშინელებებს ვერ შეხვდებით, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ გარეკანს დავხედე თუ არა, სწორედ ამაზე ვიფიქრე… ვიფიქრე და ოდნავ შეშინებულმა დავიწყე კითხვა – როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ჭიანჭველების სამყაროში საკმაოდ მძიმე მოგზაურობის შემდეგ მის პერეგრინთან სტუმრობა ფრიად სასიამოვნო გამოდგა.
თავიდან ყველაფერი ძალიან მშვიდად დაიწყო. ჯეიკობს ბაბუა ერთი შეხედვით უწყინარ ზღაპრებს უყვებოდა, აშკარად დამონტაჟებულ ფოტოებს აჩვენებდა და ჩვენც არ ვნერვიულობდით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით და ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილა! გარეკანზე გამოსახული მფრინავი გოგონა ნამდვილად არსებობს! რეალობაა ისიც, რომ ზოგ ბავშვს ორი პირი აქვს, ზოგიერთში ფუტკრები ცხოვრობენ, ზოგი საერთოდ უხილავია, ზოგს კი სხვადასხვა ნიჭი აქვს – ცეცხლს ანთებს, უზომოდ ძლიერია, მცენარეებს ზრდის, მკვდრებს აცოცხლებს, მომავალს ხედავს და ა.შ. ისინი უჩვეულო ბავშვები არიან და მის პერეგრინის “უდროო” სახლში ცხოვრობენ. ჩვენც მათ სამყოფელს ვსტუმრობთ, თუმცა როდის ყოფილა, რომ ბედს (ანუ მწერალს) დიდი დრო მოეცა ბედნიერებისთვის… უკვდავებაზე მეოცნებე და ბავშვებზე მონადირე ურჩხულები აქაც არ გვაძლევენ მოსვენებას…
წიგნის მეორე ნაწილი ისე ორგანულად ერწყმის პირველს, რომ, მგონი, აჯობებდა ერთ წიგნად ყოფილიყო (მესამესთან ერთად). უჩვეულო ბავშვები ისევ აგრძელებენ გზას – იძენენ ახალ მეგობრებსა და მტრებს. მთავარი კი ამ ორ წიგნში იცით რა არის? ის, რომ რენსომ რიგზი მის პერეგრინის ოჯახის სრულუფლებიან წევრებად გვაქცევს, ბოლომდე გვძირავს თავგადასავალში და თავს ისე გვაგრძნობინებს, თითქოს ჩვენ მოგვსდევენ ურჩხულები, თითქოს ჩვენ ვმეგობრობთ უჩვეულო ბავშვებთან და ჩვენ ვართ ჯეიკობის ადგილზე – ჩვენც უჩვეულო ბავშვები ვართ!
P.S. როგორც ამბობენ, მეორე ნაწილის ქართული თარგმანიც მალე გვექნება. სამწუხაროდ, მესამე ნაწილზე ჯერ არაფერი ისმის – ელექტრონული ვერსიებიც კი არსად მოიპოვება… არადა რა საინტერესოდ დასრულდა მეორე ნაწილი…
%(count)s კომენტარი (+add yours?)