“…I once had a girl, or should I say, she once had me…” – The Beatles – “Norwegian Wood”
გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორი იქნებოდა ზრდასრული ჰოლდენ კოლფილდი? ალბათ ძალიან ბანალურ ამერიკელად იქცეოდა – შესამჩნევი ღიპით, მოსაწყენად სტაბილური ცხოვრებით და ტრივიალური ფიქრებით, რომლებსაც არაფერი ექნებოდათ საერთო იხვების გადაფრენასა და ჭვავის ყანასთან… თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჰოლდენის მსგავსი ადამიანები არასდროს იზრდებიან – ზოგჯერ პირდაპირი გაგებით, ზოგჯერ კი – გადატანითი მნიშვნელობით… ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ განწირულია იმისთვის, რომ არასდროს გაიზარდოს, ზოგი კი პირიქით – იზრდება და უყურებს, როგორ რჩებიან სხვები მარად ახალგაზრდებად. ასეთ ადამიანებზე გვიყვება ჰარუკი მურაკამიც – კაცი, რომლის წიგნებიც ერთდროულად არის თანამედროვეც და საოცრად “ძველ-იაპონურიც”…
“ნორვეგიულ ტყეს” განსაკუთრებული “იაპონური” ელფერი დაჰკრავს. ან იქნებ მე მომეჩვენა ასე… ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვატანაბესთან ერთად ვსეირნობდი ტოკიოს ქუჩებში და ჩემს თვალწინ კადრებივით იცვლებოდა პეიზაჟი – ხან წვიმდა, ხან თოვდა, ხან კი საკურის ყვავილობის ხანა იდგა… გარემოსთან ერთად მიდი-მოდიოდნენ ადამიანებიც – ბავშვობისა და სტუდენტობის მეგობრები, უბრალო ნაცნობები, ნაოკო, მიდორი, რეიკო (მე თუ მკითხავთ, სამივე სხვადასხვაგვარად, თუმცა თანაბრად “პრობლემური”) – ქალები, რომლებიც ჰყავდა ვატანაბეს… ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ ჰყავდათ ის – ბიჭი, რომელიც გაიზარდა, თუმცა გულში მაინც დაიტოვა “ჰოლდენის მარცვალი” – იმდენად, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში ნაცნობი ჰანგების გაგონებისას წერა დაიწყო… დაიწყო, რათა ჩვენთვის მოეთხრო ამბავი საკუთარ თავზე, გარშემომყოფებსა და ქალებზე…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.
P.P.S. ბოლოს კი მოვუსმინოთ იმ სიმღერას, რომელმაც ვატანაბეს წერისკენ უბიძგა. ჰარუკი მურაკამის წიგნების ფურცლებიდან ხომ ყოველთვის მუსიკა ისმის 🙂
სექ 29, 2016 @ 18:20:30
“ნორვეგიული ტყე” ზედმეტად ჩემია და ყოველთვის ყველა ბლოგი, ზედმეტი სუბიექტურობით ,ძალიან მომწონს.
არასდროს მიფიქრია იმ ძაფზე ,რომელიც ვატანაბესა და ჰოლდენს შორის შეიძლება იყოს გაბმული.
ბლოგი მომეწონა , ობიექტურად ❤
LikeLiked by 1 person