ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იდეალური მამაკაცის წარმოსახვით სახესთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც სხვა ყველაფერი, გემოვნების ამბავია – ზოგი მისტერ დარსიზეა “შეყვარებული”, ზოგს გრაფი მონტე-კრისტო იზიდავს, ზოგს – ატიკუს ფინჩი… ვინ მოსთვლის რამდენი საინტერესო გმირია ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში… თუმცა მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტად საოცნებო მამაკაცი იანია – შვედი გლეხი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ის არც გარეგნულადაა ისეთი, როგორზეც ტრადიციულად ვოცნებობთ ხოლმე, არც განათლებულია და არც მდიდარი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ, რაც იდეალურ მამაკაცად აქცევს – შვილის სიყვარული…
ალბათ იფიქრებთ შვილი ვის არ უყვარსო, თუმცა მერწმუნეთ – ცოტას თუ შეუძლია ასეთი სიყვარული. აბა თავად განსაჯეთ – ბევრია ისეთი მამა, რომელსაც შვილის ხელში აყვანისას გული ისე უცემს, თითქოს იცეკვა ანდა მთაზე აირბინა? ბევრი მამა გრძნობს წინასწარ მოსალოდნელ საფრთხეს და ასწრებს შვილის გადარჩენას? ბევრი მამაა შვილისთვის ღმერთის ტოლფასი? ბევრი მამა ხდება პორტუგალიის იმპერატორი შვილის გამო და ბევრია ისეთი მამა, რომლისთვისაც შვილი (რაც არ უნდა ღრმად იყოს ჩაძირული უფსკრულში) დედოფალია? ასეთი მამა ძალიან ცოტაა და სწორედ ასეთი ადამიანები არიან მისაბაძებიცა და საოცნებოებიც. დიახ, ძალიან კარგი მამა და ადამიანია ატიკუს ფინჩი (სანამ ჰარპერ ლი “გააფუჭებდა”), მაგრამ მე მიყვარს იანი – პორტუგალიის იმპერატორი შვედეთიდან!
P.S. დაინტერესების შემთხვევაში ამ ძალიან კარგ და უსამართლოდ “უცნობ” წიგნს ქართულადაც მოიძიებთ. მართალია გამომცემლობა “ზებრამ” წლების წინ თარგმნა, თუმცა ალბათ სადმე კიდევ იქნება შემორჩენილი.
სექ 30, 2016 @ 21:07:16
ნილსის მერე სხვა სელმა თუ მომეწონებოდა, არ მეგონა 🙂 გადასარევია. ატიკუსთან კიდევ სხვა ამბავია. კი არ გააფუჭა, გააკეთილშობილა 🙂 ჯერ დარაჯები დაწერა, ისე, როგორიც ახლა წავიკითხეთ და რედაქტორმა არაო, ძალიან მძიმე და წინააღმდეგობრივი სახეაო. ამანაც დააკლო ნახევარტონებს და გამოვიდა ჯაფარა 🙂
LikeLiked by 1 person