კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნამდვილ სამყაროში – სტუმრად ალექსის ზორბასთან! არა, ის არც მარსზე ცხოვრობს და არც სადმე სხვაგან. უბრალოდ ცხოვრობს! სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა იწერებოდეს წიგნები, ჩვენ კი – მწერლები და მკითხველები, უსახური ადამიანები – მაგალითს უნდა ვიღებდეთ ზორბასგან…
თუ ნიკოს კაზანძაკისის წიგნი წაგიკითხავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ უცნაურ რამეს ვამბობ. განა შეიძლება, რომ განათლებულ მწერალს გაუნათლებელი, მექალთანე და ყოვლად “მოუწესრიგებელი” ზორბა ვარჩიოთ? დიახ, შეიძლება და ამას თავად მთხრობელი ამბობს… და ის მართალია! მართალია, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, ზორბა არც საკუთარ თავს ატყუებს და არც გარშემომყოფებს. ის არ თვალთმაქცობს და არ არის იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ახალგაზრდის სიკვდილი არაფერს ნიშნავს (ფილმში განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს – თუ როგორ მოასვენებენ ზღვაში დამხრჩვალ ბიჭს და იცინიან), “უწესო” ქალის ლინჩის წესით გასამართლება ჩვეულებრივი ამბავია, ქალები ქმრებს თვალებში ვერ უყურებენ და ასეთი ყოფა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებად მიაჩნიათ, მარტოხელა ავადმყოფ ქალს სიკვდილსაც არ აცლიან და “წინსწრებით” იწყებენ დატირებას, რათა სასწრაფოდ დაიწყონ მისი ქონების მიტაცება, სასულიერო პირები სხვებზე მეტად ჩაძირულან ცოდვის მორევში, განათლებული და წესიერი ადამიანები კი უბრალოდ დუმან და მათი ცხოვრება მდორედ მიედინება… ზორბა არ არის ასეთი. ის ყველაფერს მთელი გულით აკეთებს – ლაპარაკობს, შრომობს, ჭამს, სვამს, სიყვარულს ეძლევა, მღერის და ცეკვავს. ზორბა ყველაფერში გულწრფელია – მაშინაც, როდესაც კეთილ საქმეს აკეთებს და მაშინაც, როცა სცოდავს… ამიტომაც მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ ალექსის ზორბა სამოთხეში მოხვდა. მერა რა, თუ ყველა მცნება დაარღვია და არც ღმერთის არსებობაში იყო დარწმუნებული… სამაგიეროდ მან თავის მეგობარს და მასთან ერთად ჩვენც გვასწავლა, რომ ცხოვრებაში მთავარი თავისუფლება და სიმართლეა. მთავარია სიცოცხლე არსებობად არ იქცეს და ყველაფერს მოევლება. ყოველთვის შეიძლება ცეკვა – მაშინაც, როცა ბედნიერი ხარ და მაშინაც, როცა ტკივილს სხვა ვერაფერი აყუჩებს… და ალბათ ახლა ლიტერატურულ სამოთხეში ალექსის ზორბა თავის საყვარელ ინსტრუმენტზე უკრავს და ცეკვავს – თავდავიწყებით ცეკვავს…
P.S. დაინტერესების შემთხვევაში წიგნის ქართულ თარგმანს ვერა, თუმცა ძალიან კარგი ეკრანიზაციის რუსულ და ინგლისურ ვერსიებს მარტივად მოიძიებთ. ენტონი ქვინი აქაც შეუდარებელია და შესანიშნავად ასრულებს ზორბას როლს.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და უკვე ქართული თარგმანიც გვაქვს. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.
%(count)s კომენტარი (+add yours?)