სრულყოფილება… რა ლამაზი სიტყვაა, არა? თუმცა მხოლოდ სიტყვა… არ მჯერა, რომ არსებობენ ასეთი მწერლები, წიგნები, ადამიანები… ნაკლი ყველას და ყველაფერს აქვს, ცხოვრების მთავარი მიზანი კი მათი მინიმუმამდე დაყვანა (გაქრობა შეუძლებელი მგონია) უნდა იყოს… თუმცა ბრედლი პირსონი (Black Prince) სულ სხვაგვარად ფიქრობდა – მას მხოლოდ სრულყოფილება სურდა – ხელოვნებაშიც, სიყვარულშიც, ზოგადად ურთიერთობებშიც… სწორედ ამიტომ წარიმართა ასე მისი ცხოვრების 58-ე წელი…
ბრედლი მწერალი გახლდათ, მაგრამ 3 წიგნზე მეტი ვერ დაწერა, რადგან იდეალურ “იდეას” ელოდა… ბრედლის ცოლი ჰყავდა, მაგრამ დაშორდა, რადგან “იდეალურად” არ უყვარდა (მე თუ მკითხავთ, სამართლიანადაც)… ბრედლის ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, რადგან მხოლოდ საუკეთესოებს ეძებდა… ბრედლი თავის ოჯახის წევრებს იშვიათად იხსენებდა, რადგან მათში ღირსებაზე მეტ ნაკლს ხედავდა… და უცებ, როდესაც ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. შეუმჩნეველი ბრედლი პირსონი შავ პრინცად გადაიქცა (რაიმე ზებუნებრივს ნუ ელით:)) და გენიალური წიგნიც დაწერა, დიდი სიყვარულიც განიცადა და ოჯახმა და მეგობრებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს მის გარდასახვაში – იმ უდიდეს ცვლილებაში, რომელიც ერთი უბრალო ტელეფონის ზარით დაიწყო და დიდი სულიერი გადატრიალებით დასრულდა… მაინც რა უცნაურია ბედისწერა, არა? რა მოხდებოდა, ბრედლი 1 წამით ადრე რომ გასულიყო სახლიდან? რა და არ გვექნებოდა ძალიან კარგი (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) წიგნი ძალიან საინტერესო ადამიანებზე და არ გვეყოლებოდა განსაკუთრებული მთხრობელი – ქალის კალმით შექმნილი მამაკაცი…
P.S. ჩემი და მისის აირისის პირველი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ქართველი გამომცემლები ამ მწერლით არ ინტერესდებიან, თუმცა მე მაინც არ “დავნებდები” და მომავალშიც “შევხვდები”მას 🙂
ოქტ 17, 2016 @ 11:44:56
ძალიან დავინტერესდი, მოვიძიებ და წავიკითხავ. თან განსაკუთრებულად მაინტერესებს ხოლმე ქალების შექმნილი კაცები.
LikeLiked by 1 person