ყოფილხართ აეროპორტში? ალბათ დიდი ქალაქების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ან თავად უსარგებლია საჰაერო ტრანსპორტით, ან სხვები მაინც გაუცილებია (დახვედრია). აეროპორტის “შიდა სამზარეულოში” კი მხოლოდ ავიაციის სფეროში დასაქმებულებსა და მათ ახლობლებს შეუხედავთ… და კიდევ არტურ ჰეილის მკითხველებს…
ლინკოლნის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (მისი ისტორიის ძებნას ამაოდ ნუ შეეცდებით. ასეთი აეროპორტი სინამდვილეში არ არსებობს) ისეთი საინტერესო ადგილი გახლავთ, რომ ღამეს მასში დიდი სიხარულით გაატარებთ და არც ინანებთ. თქვენ ხომ დეტალურად ნახავთ, თუ როგორ მუშაობს აეროპორტი მაშინ, როდესაც ქალაქში უამინდობა მძვინვარებს. თან გრაფიკის შეფერხების, ასაფრენი ბილიკების გაწმენდის, დისპეჩერებისა და სხვა თანამშრომლების მუშაობის ფონზე საოცარი ოსტატობით დახატულ პერსონაჟებსაც გაიცნობთ და ღრმად ჩაიხედავთ თითოეული მათგანის გრძნობებში – აეროპორტის დირექტორს ხომ, უამრავი პრობლემის მოგვარების გარდა, განქორწინებაზეც ეფიქრება; მის ძმასა და დისპეჩერს უბედური შემთხვევისას დაღუპული ოჯახის “ცოდვა” არ ასვენებს; თავმომწონე პილოტი სტიუარდესას აბორტის გაკეთებისკენ უბიძგებს; აფერისტი ადვოკატი ხმაურით შეწუხებულ ხალხს აეროპორტის წინააღმდეგ აქეზებს; ჟურნალისტები ყველა კადრს იჭერენ; დაზღვევის აგენტები, მიუხედავად პილოტების პროტესტისა, მაინც აქტიურად აზღვევენ მგზავრებს; შესაშურად მოხერხებული მოხუცი ქალი უბილეთოდ მგზავრობს და ავიაკომპანიის გამოცდილი წარმომადგენლის გაცურებასაც კი ახერხებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალგაზრდა თანამშრომელზე; ევროპიდან მომავალ ქალს არაფრით სურს დეკლარაციის შევსება; პოლციელები, მექანიკოსები, მებაჟეები და დისპეჩერები თავს არ ზოგავენ; მობილიზებულნი არიან რომის რეისის ეკიპაჟის წევრებიც, რომლებმაც იტალიელების ოჯახი, მებაჟის დისშვილი, მარად უკმაყოფილო კაცი, შრომისმოყვარე ექიმი და კიდევ უამრავი მგზავრი უნდა გადაიყვანონ უამინდობიდან იტალიური მზის ქვეშ… ასე დეტალურად იმიტომ გიყვებით, რომ თითოეული მათგანი (მიუხედავად იმისა, თუ რამდენი თავი თუ წინადადება ეძღვნება) გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ისინი ხომ ყველანი ერთად ხდებიან უიმედობით გაგიჟებული ტერორისტის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლი და ჩვენთან ერთად ელოდებიან აეროპორტისა და საკუთარი ბედის გადაწყვეტას…
P.S. სამწუხაროდ , არტურ ჰეილიც იმ ძალიან კარგ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უსამართლოდ რჩებიან ქართველ გამომცემელთა ყურადღების მიღმა. იმედი ვიქონიოთ, რომ თარგმნიან. წიგნი, რომელიც ბოლო წინადადებამდე დაძაბულობაში გვამყოფებს, ხელწასმოსაკრავი ნამდვილად არ არის 😉 მანამდე კი ცნობილი მსახიობებით “დაკომპლექტებულ” ეკრანიზაციას ვუყუროთ 🙂
ოქტ 10, 2016 @ 21:32:25
კლასიკა ^^ და არა მხოლოდ “აეროპორტი”. საკითხავი ისაა, ამ ჰიპერდინამიურ საუკუნეში მკითხვრლს ჰეილის საფირმო უკიდურესი დეტალიზაცია რამდენად მოეწონება
LikeLike
ოქტ 10, 2016 @ 22:12:42
მისტერ არტურის მთავარი “კოზირი” საფირმო სტილია და თუ მოიგებს “ჩვენებური” მკითხველების გულს, მხოლოდ ამით 🙂 ჩემი უკვე მოიგო ^_^
LikeLiked by 1 person