რომენ გარის შემოქმედებასა და მის ბიოგრაფიას თუ იცნობთ, ალბათ პირველ რიგში ის გაგახსენდებათ, რომ ის “ნამდვილი” ფრანგი მწერალი გახლდათ და ამავე დროს ჯინ სებერგის ქმარიც… თუმცა ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ შეიქმნა მისი სამყარო – მხოლოდ მათ, ვისაც “დაპირება განთიადისას” წაუკითხავს. მხოლოდ ამ ძალიან კარგ წიგნს შეუძლია იმ პროცესის ჩვენება, რომელმაც რომან კაცევი – არაფრით გამორჩეული ბიჭი პოლონეთიდან – აქცია რომენ გარიდ – მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მწერლად… და კიდევ მისი ფსიქიკისთვის ფარდის ახდა… მისი ცხოვრება ხომ მთლიანად დედამ შექმნა – ერთადერთ შვილზე ფანატიკურად შეყვარებულმა (რამდენად არის მისი მოქმედებები მართებული, თავად განსაჯეთ) ქალმა, რომელმაც თავისი თავგანწირვითა და შესაბამისი “ჯილდოს” მოთხოვნით ვაჟს პირობა დაადებინა და მხოლოდ ამ პირობის შესრულების მოლოდინში გაატარა მძიმე წლები. რომანმა მადამ ნინას (რომელსაც რეალურ ცხოვრებაში მინა ერქვა) საკუთარი ცხოვრების განთიადისას შეჰფიცა, რომ დაამარცხებდა “ბოროტ ღმერთებს” – სისულელეს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სიძულვილსა და სხვა განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და აუცილებლად გახდებოდა დიდი ადამიანი – ნებისმიერი გზით, მაგრამ მაინც გახდებოდა… თუმცა მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რაც არ უნდა დიდი გამხდარიყო სხვების თვალში, ბოლომდე მაინც ბავშვად დარჩებოდა – ყველა ქალში (თუნდაც ასაკით შვილის ტოლში) დედას დაუწყებდა და ძებნას და ვერასდროს იპოვიდა ისეთ სიყვარულს, როგორსაც მას დედა ჩუქნიდა…
რომენმა შეასრულა თავისი დაპირება და დიდი მწერალიც გახდა, საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენელიც, ომის საშინელებებიც გადაიტანა (რაც ძალიან კარგად აქვს აღწერილი ზემოთხსენებულ წიგნში), თუმცა მე კი გამიცრუა იმედი. არა, ის ისევ ჩემს ფავორიტთა შორისაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის “ქალის ნათელიდან” ქალის ნათელი სულაც არ იღვრება (თუმცა წიგნში რამდენიმე ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის). ამ პატარა წიგნის ფურცლებს მიღმა სიცარიელეს ვხედავ და პირადი ტრაგედიისა და სიყვარულის დასავიწყებლად ისევ სიყვარულის ძებნა გამართლებული არ მგონია. ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია, თუმცა მაინც ვნახავ კოსტა გავრასის (ასევე ჩემი ფავორიტის) ეკრანიზაციას. იქნებ ივ მონტანმა და რომი შნაიდერმა მაინც მოახდინონ გარდატეხა. იქნებ ეკრანიდან მაინც წამოვიდეს ქალის ნათელი და თუ რომენ გარის სხვა წიგნებით აღფრთოვანებას ვერ გადაფარავს, სულ ცოტათი მაინც მიუახლოვდეს მათ…
P.S. ზემოთხსენებული “ქალის ნათელი” და “დაპირება განთიადისას” (ისევე როგორც “ცხოვრება წინაა”) გამომცემლობა “აგორამ” შემოგვთავაზა. “დიოგენეს” წყალობით ქართულად ასევე მოიპოვება “თეთრი ძაღლი” და “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება”. ასე რომ, თუ დაინტერესდით, გაიცანით რომენ გარი ან კიდევ ერთხელ შეხვდით მას. ის თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს 🙂
ბოლო კომენტარები