ისევე როგორც თითქმის ყველაფერი ამქვეყნად, ეს ამბავიც სიმღერიდან დაიწყო… თუმცა არა, გატყუებთ. ასე მეორე ამბავი დაიწყო, პირველმა კი საკანში აიღო სათავე და ისე გაგრძელდა, რომ პირველი ფურცლებიდან ვერც კი წარმოვიდგენდით…
აბა თავად განსაჯეთ – რას ფიქრობთ, როდესაც იგებთ, რომ პატიმარი მალე უნდა გამოუშვან ციხიდან? ალბათ იმას, თუ როგორ დახვდებიან მას ოჯახის წევრები და მეგობრები, იშოვის თუ არა ის სამსახურს და საერთოდ გამოსწორდება თუ არა… ვერსია ბევრია, თუმცა იმას ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რაც სინამდვილეში მოხდა. ის მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ამერიკაში გადასახლებულ ღმერთებს შეხვდა, რომლებმაც, არც მეტი და არც ნაკლები, თანამედროვეობის (უფრო კი საკუთარი დავიწყების) წინააღმდეგ ომის გაჩაღება განიზრახეს! შეიძლება თუ არა ღმერთების (რომლებიც ფრიად საინტერესო “ადამიანები” გახლავან) მოკვლა და საერთოდ როგორ დასრულდება ეს სისხლისღვრა, თავად ნახეთ. ნამდვილად არ ინანებთ და იმასაც გაიგებთ, რა მოუვა ჩვენს ძველ მეგობარს – სწორედ იმ პატიმარს, წიგნის დასაწყისში რომ ვგულშემატკივრობდით (თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მე სხვა ფავორიტები მყავს)…
ჰო, მართლა – ამ წიგნს რომ დაამთავრებთ, ნილმა ის ამბავიც ხომ უნდა გიამბოთ, სიმღერიდან რომ დაიწყო? ასეთი ისტორია ხომ უთუოდ სახალისო უნდა იყოს და ბევრ სიცილსაც გვპირდებოდეს… ისეთი მხიარული ღმერთის შვილებისგან, როგორიც ანანსია, სხვას ალბათ არც არაფერს უნდა ველოდოთ. განა ტყუილად “მიიცვალა” მისტერ ანანსი თავისი საყვარელი კარაოკეს დროს? ღმერთები ხომ ტყუილად არ კვდებიან. მათ ყოველთვის რაღაც სერიოზული მიზეზი აქვთ ხოლმე (ამაოდ ვინ ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას რამდენიმე ათეული წლით, თანაც ამ დროის განმავლობაში კუბოში წოლის პერსპექტივით). მაგალითად, საკუთარი შვილების დაახლოება (მერე რა, თუ მათი ურთიერთობა მთლად “მარტივად” ვერ წარიმართება) და მათი ბედის შეცვლა (თან როგორ რადიკალურად), აფერისტი მანიაკის განეიტრალება და ღმერთებისა და მოხუცი ქალბატონების (ალბათ უკვე მიხვდით, რა საქმიანობას მისდევენ ეს ფრიად უწყინარი გარეგნობის ბებიები) “აწიოკება”… მოკლედ ანანსი თავის სტიქიაშია და ჩვენც რაღა დაგვრჩენია – სულ სიმღერ-სიმღერით უნდა ჩავიკითხოთ მისი ბიჭების ამბავი… გაინტერესბთ, რას გადავეკიდე სიმღერას? ნილს ჰკითხეთ და გეტყვით 😉
P.S. “ამერიკელი ღმერთების” ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ნილ გეიმანის მესამე წიგნია, რომელიც მათ გამოსცეს, ალბათ “ანანსის ბიჭებსაც” (მგონი, ასეთი თარგმანი უფრო სწორი იქნება. ნილს სიტყვა “ვაჟები” რომ უფრო მართებული ჰგონებოდა, ალბათ “sons” გამოიყენებდა და არა “boys”)არ დატოვებენ უყურადღებოდ.
ნოე 02, 2016 @ 12:55:24
რა ჟანრია, თრილერი?
LikeLike
ნოე 02, 2016 @ 16:53:12
ფენტეზი
LikeLiked by 1 person
იან 24, 2017 @ 00:13:12
იმაზე მეტი ინტრიგა რა გინდა როცა წიგნის ყდა გაინტრიგებს წარწერით: “ღმერთები იხოცებიან. და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს ან იხსენებს. იდეა ადამიანზე ძნელი მოსაკლავია, მაგრამ იდეის მოკვლაც შეიძლება”.
ერთერთი საუკეთესოა უდაოდ ფენტეზის ჟანრში!
LikeLiked by 1 person