მაინც რა არის თვითმკვლელობა? ამაზე ალბათ ძალიან ბევრი გვიფიქრია (არა აუცილებლად საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტის კონტექსტში), თუმცა არა იმდენი, რამდენიც პოლიციელ მაიკს… კინაღამ ვთქვი, ბატონ მაიკს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მამაკაცი არ არის. ქალია… და მისი ნაკლებად ქალური სახელი სულაც არ არის ამ წიგნის მთავარი მოულოდნელობა…
ყველაზე უცნაური ამბავი, რომლის მოყოლაც მარტინ ემისმა ჩვენთვის გადაწყვიტა, ის არის, რომ თვითმკვლელი ქალი სულაც არ გახლდათ სხვადასხვა პრობლემით გაწამებული ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის შეწყვეტის მიზეზი (თუ შეიძლება თვითმკვლელობის ამით გამართლება) ჰქონდა. აბა, თავად განსაჯეთ – რატომ უნდა მოიკლას თავი ქალმა, რომელიც ჯანმრთელი და ლამაზია, ჰყავს შეყვარებული, რომელიც სულიერადაც და ფიზიკურადაც 100%-ით აკმაყოფილებს, მოსიყვარულე მშობლებისა და ძმების გარემოცვაშია აღზრდილი, საინტერესო სამსახური აქვს… მოკლედ – არაფერი ადარდებს… და თვითმკვლელი სწორედ ისაა და არა მაიკი, რომელსაც ყველაფერი არეული აქვს – ლოთობით დაღლილი ღვიძლი “ხელით უჭირავს” და გარეგნულად კაცს ჰგავს, შეყვარებულებს სულ იცვლის და მათთან ბედნიერი არასდროსაა, ბავშვობაში მოძალადე მამის მსხვერპლი იყო და სამსახურიც ძალადობრივი ერგო… ან კი არის ჯენიფერი თვითმკვლელი? იქნებ მოკლეს? ან მართლაც თავი მოიკლა? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხომ უნდა არსებობდეს მოტივი? სწორედ ეს უნდა გაიგოს ღამის მატარებლის ხმაურით შეწუხებულმა მაიკმა… და ჩვენც…
P.S. “დიოგენემ” “ღამის მატარებელი” სერია “Et Cetera”-ს ფარგლებში გამოსცა. ვერ გეტყვით, რომ ეს ამ სერიის საუკეთესო “წარმომადგენელია”, თუმცა მოწყენილობისგან თავის მოკვლას აჯობებს, თუ წვიმიანი ღამის 2-3 საათს წიგნის დახმარებით “მოკლავთ”.
P.P.S. ბოლოს კარგ კომპოზიციას მოვუსმინოთ. მაიკს რომ უყვარდა, იმას 🙂
%(count)s კომენტარი (+add yours?)