ძაღლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მე ძალიან კარგი (კატებისგან განსხვავებით, შეხებას არ ვერიდები:)). მათ ყოველთვის ჩვენს ოთხფეხა მეგობრებად მივიჩნევდი და არასდროს მეშინოდა… ასეა სტივენ კინგის მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგაც… იმიტომ, რომ კუჯო კეთილი ძაღლი იყო, ძალიან კეთილი ძაღლი…
მისტერ სტივენის წიგნებს თუ მისტიკის ხათრით კითხულობთ ხოლმე, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არ არის. მაგრამ თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანურ ურთიერთობებს ანიჭებთ, უნდა გადაშალოთ. მთავარი ხომ აქ სწორედ ეს არის – მოღალატე ცოლის, შეურაცხყოფილი ქმრის, მონსტრისგან დაშინებული შვილისა და უზრდელი საყვარლის ამბავი, კიდევ – ჩაშლილი სარეკლამო კამპანიის, უხეში ქმრის გავლენის ქვეშ მყოფი ქალისა და მისი ოჯახის, ლოთი ვეტერანის, მეოჯახე პოლიციელის… და კუჯოსი – კეთილი ძაღლის, რომელიც მონსტრი სულაც არ იყო. პირიქით – ძალიან უყვარდა პატრონებიცა და სხვებიც… უბრალოდ ავად გახდა… და მთავარი აქ მისი და სხვების განცდებია და არა ის, რომ ზემოთჩამოთვილილი ადამიანებიდან რამდენიმემ ბოლო ფურცლამდე ვერ იცოცხლა… ვერც კუჯომ (ეს სპოილერი არ არის. თავიდანვე მიხვდებით, რომ ცოფისგან ვერ განიკურნება)…
რამდენად გაინტერესებთ ეს ამბები, თავად უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ერთი რამე კი შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ – კუჯო აუცილებლად ძაღლების სამოთხეში მოხვდებოდა, იმიტომ რომ ის მკვლელი არ იყო. ერთი ჩვეულებრივი კეთილი ძაღლი იყო, რომელსაც ყველა უყვარდა…
P.S. მართალია, “დიოგენემ” “ბნელი კოშკის” სერია “პალიტრა L”-ს გადაულოცა, მაგრამ სტივენ კინგის ცალკეული წიგნების გამოცემას აგრძელებენ. “კუჯოც” მათ შემოგვთავაზეს (სერია “Et cetera”-ს ფარგლებში) და იმედია, ამაზე არ გაჩერდებიან 🙂
ბოლო კომენტარები