გიყვართ ე.წ. non-fiction? ზოგადად ხელოვნება (მათ შორის ლიტერატურაც), რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, თუმცა ეს ჟანრი განსაკუთრებით “პრეტენზიული” მგონია. ძნელია მართლაც საინტერესო ნამუშევრის პოვნა. მით უფრო კი – მწერლის, რომელიც თანაბრად კარგად წერს მხატვრულ და არამხატვრულ წიგნებს. პირადად მე ახლა მხოლოდ ორი მახსენდება. მათ შორის არის უმბერტო ეკოც, რომელიც ამ საქმეში ნამდვილი ოსტატია (მეორე ბორის აკუნინია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “გრიგოლ ჩხარტიშვილის” წიგნების მკითხველისთვის მისაწოდებლად “ბორის აკუნინსაც” იყენებს. ხალხი არამხატვრულ ნაწილს მხატვრულის ხათრით კითხულობს და იმიტომ)… გამონაკლისი არც “მტრის ხატის შექმნაა” – კრებული, რომელიც სრულიად განსხვავებულ თემებს ეხება.
სინიორ უმბერტოს ყველა ესსე აქტუალურია და მოსაწყენი თითქმის არასდროსაა (თუნდაც ჩემთვის ისეთ უინტერესო თემას ეხებოდეს, როგორიც ასტრონომიაა), თუმცა თქვენი გემოვნების შესაბამისად მაინც გამოარჩევთ რამდენიმე ესსეს. ჩემთვის ასეთია ვიქტორ ჰიუგოსადმი (კითხვისას საკუთარი განცდები გამახსენდა – სიამოვნებით რომ ვკითხულობდი ჩემთვის საძულველი სტილით დაწერილ წიგნებს:)), სათავგადასავლო წიგნებისადმი (გულში ხომ ყველანი ედმონ დანტესები ვართ:)), “უცნაური” უტოპიისადმი (თან სასაცილოც რომ არის და თან დასაფიქრებელიც), ემბრიონებისადმი (აბორტი ხომ ყოველთვის და ყველასთვის მტკივნეული თემაა) მიძღვნილი ნაშრომები… და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ესსე მტრის ხატის შექმნაზე. მტრის ხატი ხომ ის არის, რასაც ხელოვნების ნიმუშებზე უფრო დიდი მონდომებით ვქმნით და თანაც ამ საქმეს საუკუნეების მანძილზე ბეჯითად ვაკეთებთ. რაღა შორს წავიდეთ და სინიორ უმბერტოს დავეკითხოთ, როდესაც ეს პროცესი ჩვენს თვალწინაც გრძელდება. მერე რა, თუ რეალური მტერიც გვყავს. მაინც გამოგონილი ჯობს – ფანტაზია ხომ სინამდვილეზე უფრო “ლამაზია”. მთავარია მტრის ხატი გამოვიდეს “საშიში”, ამისთვის კი რაღაც “გრანდიოზულია” საჭირო, რაღაც უფრო შემზარავი ჟღერადობის, ვიდრე მიწის წართმევაა… მაგალითად, “ქართველობის წართმევა”… როგორც ოდესღაც “არიელობის წართმევა” იყო და ვინ იცის, მომავალში რა იქნება… მტრის ხატი ხომ ყოველთვის და ყველგან ერთი სცენარით იქმნება…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.
ბოლო კომენტარები