37-მდე…

“რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა თუ სამშობლოდან განდევნაო, ისევ პირველი მირჩევნია.” – მიხეილ ჯავახიშვილი

1937 წელი… ეს ის თარიღია, რომელიც 1921 (“წითელი” ოკუპაციის) და 1924 (ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების) წლებთან ერთად სისხლის ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში (ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის სწავლებისას საბჭოთა ეპოქა მხოლოდ მოკლედ და მშრალად განიხილება. არადა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე საგნადაც უნდა იყოს გამოყოფილი). დიდი ტერორის თემით დაინტერესებულებს მოგეხსენებათ, რომ რეპრესიები ამ წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა, თუმცა ჩვენთვის პოლიტიკურ დევნასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ 1937 წელი უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანის (მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვების) ამქვეყნიდან წასვლის თარიღი გახდა…

…მანამდე კი იყო თავისუფლებისა და ოკუპაციის წლები… ამ პერიოდში აკეთებდა თავის ცნობილ ჩანაწერებს მიხეილ ჯავახიშვილი – ინიშნავდა ქართულ სიტყვებს, იდეებს თავისი ნაწარმოებებისთვის, მიმდინარე ამბებს, განცდებს, შთაბეჭდილებებს… შეიძლება მის ყველა ჩანაწერს არ დაეთანხმოთ, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღიაროთ – თუ გაინტერესებთ ეპოქა 1937 წლამდე, წიგნად შეკრული ეს ნააზრევი ნამდვილად დიდ სამსახურს გაგიწევთ…

ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ ნინო ტაბიძის მოგონებები “ცისარტყელა განთიადისას”. ვინ, თუ არა დიდი პოეტის მეუღლე (მეტიც – თანამოაზრე), შეგვიძლია ჩავთვალოთ უტყუარ წყაროდ. ის ხომ მუდამ გვერდს უმშვენებდა ტიციანს, მის “ტყუპისცალ” პაოლოს, გიორგი ლეონიძეს, სანდრო შანშიაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, გრიგოლ რობაქიძესა (მის სახელს იშვიათად შეხვდებით, რაც ალბათ მის “სტატუსს” უნდა მივაწეროთ) და სხვებს… სწორედ მის სახლში იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი (მათთან მეგობრობას დღეს იქნებ ბევრი უარყოფითად აფასებს, თუმცა რატომ უნდა იყოს პასტერნაკთან ან სხვებთან ურთიერთობა დასაძრახი, გაუგებარია. ესეც ხომ ეპოქის სახეა) და სომეხი (ოვანეს თუმანიანის ამბავი განსაკუთრებით საინტერესო მგონია. ჩვენ ხომ მას ასე ცუდად ვიცნობთ) შემოქმედები მეუღლეებთან ერთად. ტაბიძეების სახლის კედლებს უამრავი რამ უნახავთ – ახალი ლექსები, შესანიშნავი თარგმანები, ბედნიერი წყვილები, სიღარიბე, მხიარულება, სერგეი ესენინის ცრემლები, ანდრეი ბელის ნერვიული აფეთქებები… ბოლოს კი ტრაგედია… თუმცა ვერც ტიციანის, პაოლოს და სხვათა ტრაგიკულმა ბედმა მოახერხა ნინო ტაბიძის გატეხვა… მან მაინც შეძლო და შემოგვინახა ჩანაწერები იმ ეპოქაზე, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ მეფობდა სიყვარული…

P.S. ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემებისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით “ინტელექტსა” და “არტანუჯს”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: