გზები, რომელთაც ვირჩევთ

ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია (თუ, რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე). არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა პირობებში ჩაიარა იმ წლებმა (პირადად ჩემი ბავშვობა ბნელ 90-იანებს დაემთხვა, თუმცა მაინც ისე ვიხსენებ, როგორც ყველაზე ნათელ წლებს). ამის მიზეზი კი ორია – ცხოვრების საწყის წლებში არაფერი გვადარდებს, რადგან ყველაფერს სხვები გვიგვარებენ (ან ისეთი “პრობლემები” გვაქვს, რაზეც ზრდასრულ ასაკში უბრალოდ გვეცინება) და გვგონია, რომ წინ ძალიან გრძელი და ნათელი გზა გვაქვს. შედეგი კი სულ სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგად ეწყობა, თუმცა რეალობა ისეთი შთამბეჭდავი არასდროსაა, როგორიც ოცნებებში… ან ცხოვრება საშინლად წავა, როგორც ეს დებ გრაიმზებს დაემართათ (რიჩარდ იეიტსი ამ ფაქტს პირველივე წინადადებაში აფიქსირებს, ასე რომ სპოილერის არ შეგეშინდეთ)…

ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი სარა და ემილი ცხოვრობს. შეიძლება ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ამას, თუმცა ეს ასეა… მეტიც – ქალების უმეტესობა სწორედ ერთ-ერთ მათგანს ჰგავს. რა თქმა უნდა, დეტალურ მსგავსებას კი არა, იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ორ კატეგორიად ვიყოფით – ზოგი ბავშვობიდან ოჯახის შექმნაზე ოცნებობს, ზოგი კი ჯერ ცოდნის დაგროვებას ფიქრობს და ქორწინებას უფრო შორეულ მომავალში ხედავს. რომელი გზაა სწორი? მისტერ რიჩარდიც სწორედ ამ კითხვაზე გვცემს პასუხს – არც ერთი და ორივე. ალბათ გიკვირთ, როგორ შეიძლება პასუხი ასეთი წინააღმდეგობრივი იყოს, მე კი მესმის. მესმის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო ემილის კატეგორიაში ვარ, სარას ცხოვრებაშიც ვხედავ რაღაც დადებითს, ემილის ცხოვრებაში კი – უარყოფითს. ერთი გზის არჩევა ბედნიერების მომტანი თითქმის არასდროს არის (იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში ნამდვილად მშურს ასეთი ქალების). არავინ იცის, რამდენად გაამართლებს ნაადრევი ქორწინება და არ აღმოჩნდება, რომ მიმზიდველი გარეგნობის ქმარი ჩვეულებრივი აგრესიული ცხოველია… არც ის იცის ვინმემ, მოიტანს კი დაგროვილი ცოდნა რაიმე ხელშესახებ შედეგს – განათლებული ადამიანების უმეტესობა ხომ უბრალო ოფისებს ვერ სცდება… თუმცა არსებობს მეორე მხარეც – განქორწინება ყოველთვის შეიძლება, შვილები ხომ ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომელთა გამოც ცხოვრების შეცვლა ღირს, იმის გარანტია კი არასდროს გვექნება, რომ სასურველი მამაკაცი მაინცდამაინც მაშინ მოაკაკუნებს ჩვენი წიგნებით სავსე სახლის კარზე, როდესაც ჩვენ სიყვარულისა და დედობის დროს “გამოვნახავთ”… ცხოვრება ზედმეტად რთულია იმისთვის, რომ ერთი გზა ავირჩიოთ, ან უკვე არჩეულიდან გადავუხვიოთ (ამას მხოლოდ ძლიერი ქალები აკეთებენ. არა ისეთები, როგორებიც სარა და ემილი იყვნენ… ან თუნდაც ჩვენი უმრავლესობა)… ორივე გზასაც, სამწუხაროდ, თითქმის ვერავინ ირჩევს… უმეტესად ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც სარასა და ემილის შემთხვევაში, თუმცა ვინ იცის… იქნებ ჩვენ კი არ ვირჩევთ გზებს, არამედ ერთ დღეს თავად გზები გვირჩევენ… მაგალითად, სააღდგომო ჩვენების დღეს…

P.S. თუ დაინტერსდით, ამ ძალიან კარგ წიგნს (რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხავია ქალებისთვის და არა მხოლოდ მათთვის) მარტივად მოიძიებთ. ის სერია “ამერიკელების” ნაწილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: