იცნობთ აინ რენდს? თუ არა, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს კარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი წიგნები გავლენით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება, არც იმიტომ, რომ მისის აინმა გაბედა და 1943 წელს ერთი შეხედვით ძალიან “უდროო” თემაზე – არქიტექტურაზე – დაწერა წიგნი, თანაც ასეთი დიდი… ეს ყველაფერი თითოეული გამოცემის გარეკანზე წერია… პრეზენტაციებზე იქნებ ისიც მოისმინოთ, რომ “პირველწყაროში” ბევრი სიყვარულია და ბევრი “უცნაური” ნაგებობა, რაც თითქოს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს… თუმცა ჩემთვის ეს წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ამბავი იმაზე, რომ მომავალი შეუცნობელია…
მწერლის ბიოგრაფიას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ მის ცხოვრებაში ემიგრაციასა და “უჩვეულო” სასიყვარულო ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ეს იყო ობიექტივიზმის დაბადება. “პირველწყარო” (“ატლანტმა მხრები გაშალაც”, თუმცა ამ წიგნის წაკითხვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მაქვს) სწორედ ამითაა გამორჩეული. დიახ, ჰოვარდ რორკმა (წიგნი ქართულად არ წამიკითხავს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და სახელებს თავად ვთარგმნი) შეიტანა განსაკუთრებული სტილი არქიტექტურაში, არც მისი და დომინიკ ფრანკონის სიყვარული იყო ჩვეულებრივი, თუმცა იმის მიზეზი, რომ ეს ძალიან დიდი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება (რა თქმა უნდა, რამდენადაც ამის საშუალებას მისი ზომა იძლევა), მისის აინის ფილოსოფიაა. მან შექმნა მოძღვრება კოლექტივიზმის წინააღმდეგ (ის ხომ კომუნისტურ რეჟიმს გაექცა და მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიდო ბინა) და მასზე “დააფუძნა” თავისი შემოქმედება. ამ იდეის დასამტკიცებლად დაიბადა ინდივიდუალისტი რორკი, რომელიც მწერალმა დიდებული ნიჭის გარდა, ჯანსაღი ეგოიზმით დააჯილდოვა (და აქვე უნდა გამოვტყდე, რომ დიდი ხანია პერსონაჟი ასე არ მომწონებია); დომინიკი, რომელიც რორკის იდეალური მეწყვილეა და ამავე დროს საოცარი ეგოს პატრონი; პიტერ ქითინგი, რომელსაც მხოლოდ კოლექტივში შეეძლო ცხოვრება; ელსვორტი, რომელიც ქმნიდა ყოველგვარ კოლექტივს, რათა მოეპოვებინა ძალაუფლება ხალხზე; კამერონი, რომელმაც იბრძოლა და დამარცხდა მაშინ, როდესაც არარაობებს ტაშს უკრავდნენ; გეილი, რომელიც ერთდროულად იყო კოლექტივის ნაწილიც და ინდივიდუალისტიც… ეს დიდებული გმირები (და კიდევ ბევრი სხვა) აინ რენდმა შექმნა და ნათლად დაგვანახა თუ რა განსხვავებაა მათ შორის, ვინც ცხოვრებას “მეორე ხელიდან” იღებს და ვინც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. მერე რა, თუ ზოგჯერ (უფრო ხშირად) კეთილდღეობას “მეორადი” ადამიანები იღებენ, ინდივიდუალისტები კი კიბის ქვეშ ასრულებენ ამქვეყნიურ ყოფას… დრო ყველაფერს შეაფასებს და ისტორიას მხოლოდ ღირსეულები შემორჩებიან… ჩვენ კი ისღა შეგვიძლია, რომ საკუთარ თავებში მაინც განვავითაროთ “მე”, დავამარცხოთ “ჩვენ” და იმაზე მეტი სიკეთე გავაკეთოთ, ვიდრე ამას “საკუთარი თავის უარყოფით” გავაკეთებდით…
P.S. საბედნიეროდ, ეს წიგნი, რომელიც უკვე ჩემს ძალიან მკაცრად შერჩეულ ფავორიტთა შორისაა, და აინ რენდის მეორე ნაწარმოები ქართულადაც გვაქვს. ისინი “არეტემ” თარგმნა. თარგმანის ხარისხზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ მისის აინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა (ფასს ნუ შევეხებით), საკმარისია მადლიერებისთვის.
დეკ 23, 2016 @ 21:06:54
როგორც მივხვდი, ორიგინალში წაიკითხე.
LikeLike
დეკ 23, 2016 @ 21:30:02
რუსულად.
LikeLike
დეკ 23, 2016 @ 21:52:05
ნუ, ჰო.
LikeLiked by 1 person
მაისი 07, 2021 @ 18:07:51
რა საყვარლები ხართ ორივე 🙂 Molly Bloom’s Day- შენც და
კეჟერაძის ბლოგი – შენც 🙂 ისე მომწონს თქვენი გვერდები, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს დიდი სიყვარულით და უფრო დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენ მიერ ნაფიქრ-ნააზრევს ❤ სიკეთე გქონდეთ ❤ წერის ნიჭი და მადლი გემრავლოთ ❤ გაიხარეთ მრავალჟამიერ ❤
LikeLiked by 1 person