ლიტერატურის მოყვარულები ალბათ ჰარუკი მურაკამის კარგად იცნობთ (აწ უკვე რამდენიმე წელია მის შესაძლო “განობელებასაც” კი იუწყებიან) და მის ახალ წიგნებსაც ელოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰარუკი-სანი ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორის არ არის, მეც დიდი ინტერესით ვაკვირდები მის შემოქმედებას – რა თქმა უნდა, ზოგი წიგნი მეტად მომწონს, ზოგი – ნაკლებად (ჩემი გემოვნების შესაბამისად). ასეთივე შემთხვევა გახლდათ “უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები”… თუმცა ამჯერად მოსალოდნელზე უფრო დიდი სიამოვნება მივიღე…
არა, ამას რომ ვამბობ, იმას არ ვგულისხმობ, რომ თავის ახალ წიგნში მურაკამიმ რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზა. ცუკურუ ტაძაკის ისტორია, რომელიც აწმყოში სადგურებს აშენებს და შეყვარებულია, წარსულში კი განუყრელ მეგობრებთან განშორებამ მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა, ძალიან ჩვეულებრივია (როდესაც საყვარელი ქალის დაჟინებული თხოვნით ამ განშორების მიზეზის გაგება გადაწყვიტა, მაშინაც კი განსაკუთრებული არაფერი მოხდარა – ყველაფერს მანამდე მივხვდი). მე სულ სხვა რაღაცამ მომხიბლა – პერსონაჟებმა. თითოეული მათგანი საოცრად საინტერესო ადამიანია, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ცუკურუ ტაძაკი – “უფერული” კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მარტოობას ებრძოდა და ვერც კი ხვდებოდა, რომ სწორედ მისნაირ ადამიანებს აქვთ ყველაზე “ფერადი” შინაგანი სამყარო… ცუკურუს გაცნობის ხათრით ნამდვილად ღირდა ამ წიგნის წაკითხვა… მე ასე მგონია…
P.S. და იცით რა? ეს წიგნი რამდენიმე კვირის წინ დავასრულე, თუმცა ცუკურუს სიზმრები და ჰაიდას (!) ამბავი არაფრით მასვენებს… ალბათ კარგ წიგნს რომ კითხულობ, ასეც უნდა იყოს, არა?
P.P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის და ჰარუკი მურაკამის კიდევ მრავალი თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.
თებ 18, 2017 @ 20:22:08
ადრე ჩამივარდა ეს ხელში, ინგლისურ ენაზე სამ ლარიანი ფოქეთ ბუქი იყო და წამოვიღე. რამდენადაც კარგად დაიწყო, იმდენადვე უფერული და მოსაწყენი გახდა უკვე შესავალშივე :დ ეს და ნორვეგიული ტყე ჩემი იმედგაცრუებებია ამ კაცისგან :დ მაშინ როცა შედარებით მოკლე მოთხრობებში ძალიან ძლიერია, იმჰო, რასაკვირველია
LikeLike
თებ 19, 2017 @ 21:39:52
ჩემთვის მთავარი იმედგაცრუება “კაფკა პლაჟზე” იყო 🙂
LikeLike
თებ 20, 2017 @ 14:39:31
მოკლედ, უფხო მწერალი გამოდგა, ცუდი არა ნამდვილად, მაგრამ უფხო :დ
LikeLiked by 1 person