იაპონური პროზა განსაკუთრებულია… განსაკუთრებით ლამაზი… ამ ქვეყანას სულ სხვაგვარი “ხიბლი” აქვს და ყველაფერი ისეთივე მშვენიერი გვეჩვენება, როგორიც აყვავებული საკურაა… ყველაფერი ისეთივე მელოდიური, როგორიც ჰოკუა…
ალბათ ამიტომაცაა, რომ იუკიო მიშიმა, რომელიც ყოველთვის თვლიდა, რომ დაღუპვა მშვენიერებას კიდევ უფრო მეტ სრულყოფილებას ანიჭებს, შეძრა რეალურად მომხდარმა ფაქტმა (1950 წელს ბუდისტმა მორჩილმა იაპონიის უძველესი დედაქალაქის, კიოტოს, ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – ოქროს ტაძარი დაწვა) და მან შექმნა ბერი მიძოგუჩის სახე, რომელიც საკუთარი არასრულყოფილების “გავლით” დაუპირისპირდა სილამაზეს. 20 წლის შემდეგ თავად მიშიმამ მშვენიერების მოკვლა უძველესი იაპონური ტრადიციის აღსრულებით სცადა. რა აერთიანებს ოქროს ტაძრის დაწვასა და თვითმკვლელობას, გარდა მწერლისა? ამ ორ ფაქტს შორის კიდევ არის საერთო – გასაოცარია, მაგრამ მიშიმამ და მიძოგუჩიმ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან მშვენიერება “ფენიქსს ჰგავს, რომელიც ოქროს ტაძარს თავს დასტრიალებს.” ტაძარი დღესაც დგას, მისი პირვანდელი სახე აღდგენილია და ის ისევ მიუწვდომელია ცეცხლის ალისთვის. რაც შეეხება იუკიო მიშიმას, მისი უკვდავება, მისი მშვენიერი ტაძარი ათლეტური სხეული ან შთამბეჭდავი ჰარაკირი კი არა, წიგნებია, რომლებიც კიოტოს ტაძარზე არანაკლებ სულისშემძვრელია…
P.S. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ზოგადად ქართულენოვანი ლიტერატურისთვის (ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ – ამჯერად ვრცლად მომეყოლა მასზე). ამას ორი მიზეზის გამო ვამბობ – “იშვიათი” ენიდან თარგმნას მივესალმები (მიუხედავად იმისა, რომ თვით ბორის აკუნინის თარგმანი მაქვს წაკითხული, ძველებურად რუსულიდან გადმოქართულებას არ ვამართლებ) და იაპონელი მწერლისთვის ყურადღების მიქცევაც მახარებს – მხოლოდ იმიტომ არა, რომ იუკიო მიშიმა ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორისაა. მთავარი ისაა, რომ იაპონია არ არის სათანადოდ დაფასებული. არადა, ამომავალი მზის ქვეყანას ისეთი მწერლები ჰყავს… აი, ახლაც – “ოქროს ტაძარს” ვფურცლავ და ვფიქრობ – სერია “ამერიკელების” დასრულების შემდეგ იაპონელები რომ დაიწყოს, რა კარგი იქნება, არა? 😉
აპრილი 10, 2017 @ 23:11:34
ღმერთისჯული, სერია “იაპონელები” გვინდა ნამდვილად, პეტიცია ჩქარა 😀 🙂
LikeLiked by 1 person
იან 06, 2020 @ 00:06:27
ნამდვილად,დროა ყველამ მივიღოთ,შევიგრძნოთ იუგენი
LikeLike