იმპერია ისევ ორსულადაა, ნიუ-ბაბილონელები ისევ ათამაშებენ თოჯინებს, ორპირიდან თბილისისკენ ისევ ქრის ქარი და ფსიქიატრიულიდანაც ისევ მოდის წერილები… აბა რა იქნება, ქართველების ექვსი ვნება ხომ არსად წასულა… ექვსივე ვნება გაფურჩქნულია ჩვენს სულებში, თუმცა მე თუ მკითხავთ, პირველი ორი მაინც განსაკუთრებით “გვხრავს” (იქნებ დანარჩენები სულაც მათგან გამომდინარეობენ)…
აბა, თავად დაფიქრდით – არ ფიქრობთ, რომ “მართლობა” და “პოლიტიკანობა” ზოგჯერ თქვენც გახასიათებთ? შეიძლება ყოველდღიურობაში ამას ვერ გრძნობთ, მაგრამ იშვიათად მაინც გაგიელვებთ ხოლმე ის აზრი, რომ ყოვლისმცოდნეები ხართ (სინამდვილეში – უვიცები). თუმცა ეს არაფერია. მთავარი უცოდველობა კი არა, ცოდვასთან ბრძოლაა (არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს). მაშინ შეიძლება ნამდვილ მართლობამდე მისვლა (მიახლოება მაინც) და ეს აუცილებელიცაა. სხვა შემთვევაში “ტაბურეტკიანთა” რიგს შევუერთდებით და ამქვეყნად “განმართლებულნი” იმქვეყნად მაინც აღმოვჩნდებით ჩვენთვის შესაფერის ადგილას…
შეიძლება პოლიტიკანობასთან ბრძოლაც. არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოლიტიკას საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება და “დავიკიდოთ” (ეს “პოლიტიკანობაზე” ნაკლები დანაშაული სულაც არ არის). საბჭოთა ნოსტალგიას უნდა ვებრძოლოთ! და არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან პირადად ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადეთ, სოვიეტიზმისგან თავისუფლები ვართ. სულაც არა. განა ცოტა ახალგაზრდა გინახავთ “ულვაშა ბელადის” ან მისი “შვილების” ფოტოთი შეიარაღებული და პოლიტიკით “აღტკინებული”? სწორედ მათ ვნებებს უნდა ვებრძოლოთ, საბჭოეთით უშუალოდ “მოწამლულების” ვნებებს და საკუთარ თავს… პირველ რიგში საკუთარ თავს…
P.S. წიგნი ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა და, როგორც ვიცი, მხოლოდ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მაღაზიაში იყიდება. ასე რომ, თუ დაინტერესდით, იჩქარეთ. იქნებ მოასწროთ და ბოლო სამი ვნების გამოცემამდე პირველი ნაწილი წაიკითხოთ, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე გითხარით (მიქარიაც კი არ მიხსენებია) 😉
May 02, 2017 @ 17:33:14
საინტერესოა
LikeLiked by 1 person
May 20, 2017 @ 22:38:44
ნათია, რა ტიპი ხარ, რაა, არც გითქვამს, ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე! ხვალ უნდა დავდო და დიიიდი მადლობა! ❤
LikeLike
May 21, 2017 @ 15:02:05
ტრადიციულად, მადლობა ჯერ ავტორს, შემდეგ – გამომცემლობას 🙂
LikeLiked by 1 person