გიყვართ ბრიტანული ლიტერატურა? ალბათ პასუხი დადებითია, რადგან ზოგადად ლიტერატურა ბრიტანეთის (ისევე როგორც აშშ-ს, საფრანგეთის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის) გარეშე წარმოუდგენელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქვეყანაში მწერლობის განსაკუთრებული აღმავლობა ვიქტორიანულ ეპოქას ემთხვევა (ბრიტანეთს ახლაც არ აკლია საინტერესო მწერლები, მაგრამ მაინც) და ეს თავად პერიოდიდან გამომდინარეობს. შეიძლება ზოგიერთ მკითხველს ამ ტიპის წიგნები მოსაწყენად ეჩვენება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელ ავტორებს (რაც უნდა გასაოცარი იყოს, ძირითადად ქალებს) განსაკუთრებული ხელწერა აქვთ და გმირებად ძირითადად ძლიერი ქალები ჰყავთ არჩეული (ძირითადად ქალ ავტორებს). გამონაკლისი არც ელიზაბეტ გასკელი გახლავთ. მისი “ჩრდილოეთი და სამხრეთიც” “ვიქტორიანული სტილითა” და ძალიან საინტერესო მთავარი პერსონაჟით გამოირჩევა.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის გაგონებაზე ყოველთვის აშშ მახსენდება და “საომარ განწყობაზე” ვდგები, მაგრამ მისის ელიზაბეტმა სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა. მან ერთმანეთს ბრიტანეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი დაუპირისპირა მარგარეტისა და ჯონის სახით. თუმცა ეს მხოლოდ ფონია. გარდა იმისა, რომ აქ ნაკლებად ბანალურ სასიყვარულო ისტორიას შეხვდებით და ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, ნახავთ ეპოქას – ბრიტანული სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ლონდონის ცხოვრებას, განსაკუთრებით კი – ხალხის ყოფას. თუ სხვაგან მთავარი თემა სწორედ პირადი გრძნობებია, აქ უფრო მნიშვნელოვანი სწორედ მშვიდი სამხრეთი, “ზედმეტად არისტოკრატული” ლონდონი და ღატაკი, აღშფოთებული ღარიბებითა და უმეტესად გულცივი მეწარმეებით დასახლებული ჩრდილოეთია. სწორედ გაფიცული, მშიერი მუშები, კანონისგან (თუ უკანონობისგან) მიმალული მეზღვაური და ზოგადად ბრიტანეთი არიან ამ წიგნის მთავარი გმირები… სწორედ ამ ისტორიებში ჩანს სამხრეთელი მარგარეტის სიძლიერე, ჩრდილოელი ჯონის “ფარული” გულმოწყალება… სწორედ ამაზე წერს მისის ელიზაბეტი – ქალი, რომელიც თამამად უმშვენებს გვერდს ჯეინ ოსტინსა და დებ ბრონტეებს!
P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი არსად შემხვედრია, რაც გასაკვირია, რადგან ამ სტილის წიგნები ხშირად გამოიცემა.
ბოლო კომენტარები