“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი.
სწორედ საბჭოთა ოკუპაციას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ასპექტს ეხება 2016 წელს გამომცემლობა “აზრის” მიერ შემოთავაზებული წიგნი “სტალინური კულტურა”. თამარ ბელქანია, რომელსაც პირდაპირი შეხება ჰქონია საიდუმლო არქივებთან, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სტალინური ეპოქის შესახებ და ბევრ ისეთ ფაქტსაც გვაცნობს, რომელიც ან არ ვიცოდით, ან კი მხოლოდ გაკვრით გვსმენოდა (ისიც მხოლოდ ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს). დიახ, ჩვენ გვინახავს ბელადის პორტრეტები მცხეთის ფონზე და საბჭოთა ჰერალდიკის ნიმუშები, ისიც ვიცით, რომ საბჭოთა “გმირების” ისტორიები უმეტესად ფიქციაა და მეტი არაფერი, ქართული კინო და თვით “ვეფხისტყაოსნის” იუბილეც კი – “დახვეწილად” ჩაფიქრებული “აქცია”, აფხაზური დამწერლობისა და მეგრული ენის საკითხი – წინასწარი განზრახვით ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმი (რომელიც დღეს რუსულ ოკუპაციაშია გადაზრდილი), 1937 წლის ტერორი კი – კულტურის “გასაბჭოების” ძალიან კარგი გზა. თუმცა ამ წიგნში ეს თემები (მონაწილე ადამიანთა ბედიც, რომელთა უმეტესობაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ხელოვანია) დეტალურადაა განხილული და დოკუმენტურად დადასტურებული, რაც იმედია, ბოლოს მოუღებს იმ აზრს, რომ თითქოს “ყველაფერი კარგი სტალინის დამსახურებაა, ყველაფერი ცუდი კი მის ზურგს უკან მოხდა”… “დიდი ბელადი” ხომ გენიალური მანიპულატორი გახლდათ (ჰიტლერის მსგავსად) და სხვა მეთოდებთან ერთად შესანიშნავად იყენებდა კულტურასაც (რომელიც ძალიან ძლიერი იარაღია)… დღეს, როდესაც ბოროტების იმპერიის სამართალმემკვიდრე რუსეთი ძველებურად წარმატებით ამუშავებს პროპაგანდის მანქანას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თემის ღრმად შესწავლა…
ბოლო კომენტარები