“გაანადგურეთ, რაც ბოლოს მოხდა,მოგონებებს ნუ ახლებთ ხელს”
ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე? ალბათ ერთხელ მაინც ასეთი შესაძლებლობა ყველას დაგვიშვია, თუმცა პირადად მე მილან კუნდერას “შუცნობელის” შემდეგ ქვეყნის დატოვება აზრადაც კი არ მომდის. ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნების” შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია… ახლა კი, როდესაც “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტებიც” შემოგვთავაზა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი…
დოქტორი ჰენრი სელვინის, პაულ ბერეითერის, ამბროს ადელვარტისა და მაქს აურახის ამბები აუცილებლად მიგახვედრებთ, რომ ემიგრაცია გამოსავალი არასდროსაა. დიახ, შეიძლება ის აუცილებლობით იყოს გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ფაშიზმისგან თავის გადარჩენა), თუმცა თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, წინასწარ უნდა შეეგუოთ, რომ მოგონებებს ვერსად გაექცევით. წარსული ყოველთვის თქვენთან იქნება და მელანქოლიას თავს ვერასდროს დააღწევთ. ეს განცდა შინაგანად გაგანადგურებთ და ნელ-ნელა მიგიყვანთ იმ ზღვართან, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს ჰყოფს… ესაა ემიგრაცია – შეუცნობელი ნოსტალგია ჩეხურად, გერმანულად, ქართულად…
P.S. დასასრულს არ შემიძლია არ აღვნიშნო თარგმანი და ფოტოები, რომელთა გარეშეც წიგნი ვერ წარმომიდგენია… თუ დაინტერესდით, მოიძიეთ – ჰერ ზებალდი “მთხრობელზე” მეტად “განცდათა აღმწერია”, ასე რომ თავად თუ არ ცდით, მის ნაშრომს ბოლომდე ვერ “შეიგრძნობთ”…
ბოლო კომენტარები