გახსოვთ ბილ ჰოჯიზი? მისი და მისტერ მერსედესის სისხლიანი დაპირისპირების ამბავი თუ წაგიკითხავთ, ნამდვილად ვერ დაივიწყებდით. ჰოდა, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს – ბილი დაბრუნდა!
… თუმცა კარგი ამბებს უმეტესად ცუდიც მოჰყვება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ცუდი რამ მწერალ როტსტაინს შეემთხვა – ის მოკლეს! დიახ, დიახ, ცნობილი მწერალი, რომელმაც სახელი “მორბენალის” ისტორიებით გაითქვა (თქვენი არ ვიცი და მე ამან ჯონ აპდაიკი და მისი “ბაჭია” გამახსენა. უნდა “დავაწინაურო რიგში”…) მისმა თავგადაკლულმა ფანმა მოკლა. ყველაფერი ამით დაიწყო და კარგა ხანს ბილ ჰოჯიზი არც კი გამოჩენილა (ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, რომ ონლაინ-ბიბლიოთეკამ გამაცურა), სანამ 70-იანი წლებში მომხდარმა “მიზერულმა” (გახსოვთ ენი?) დანაშაულმა 21-ე საუკუნეში არ გამოიღო შედეგი… როგორი შედეგი? ეს თავად ნახეთ…
ბილ ჰოჯიზის თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. მის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ – უკვე მესამედ (რა კავშირი აქვს შეშლილ მკითხველ მორის ბელამის მისტერ მერსედესის ამბავთან, ამას არ გაგიმხელთ) – გამოჩნდა მანიაკი ბრეიდი. გეგონათ, რომ ის სამუდამოდ იქცა “ბოსტნეულად” და უკვე აღარასდროს შეგვაწუხებდა? თქვენ შეცდით! შეცდა ყველა ბილის გარდა, რომელსაც გულში ყოველთვის სჯეროდა, რომ არაფერი დამთავრებულა. მთავარი ბრძოლა წინაა და თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ზეტი (იგივე მისტერ მერსედესი, იგივე ბრეიდი) ისევ ჩვენთანაა. ის ძველებურად თევზაობს და ნელ-ნელა ანკესზე აგებს ახალ მსვერპლს… ვინ იქნება შემდეგი? და როდის (რაც მთავარია, როგორ) დასრულდება ეს ყველაფერი? ეს მხოლოდ სტივმა იცის… და ჩვენც – მისმა მკითხველებმა…
P.S. ქართველ გამომცემლებს ბილ ჰოჯიზის ტრილოგიის თარგმნა აღარ გაუგრძელებიათ. ვერ გეტყვით, რომ ბოლო ორი წიგნის წაკითხის გარეშე სტივის საუკეთესო ნაწარმოებებს გამოტოვებთ, თუმცა საერთო სურათის შესაქმნელად რამდენიმე დღის დაკარგვას არ ვნანობ.
დეკ 27, 2018 @ 15:36:49
ცუდია რომ არ თარგმნიან. ტრილოგიაა ბოლობოლო. ინფორმაციისთვის მადლობა
LikeLiked by 1 person