ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ როგორ მოიცვა ჩვენი ქვეყანა, უფრო ზუსტად – აქტიური ტელემაყურებლების გონება, თურქული სერიალის “დიდებული საუკუნის” პოპულარობამ… მიუხედავად იმისა, რომ მე ამ უკანასკნელთა რიცხვს არ ვეკუთვნი, მაინც გადავწყვიტე ძვირფასი დროის გამოყოფა და ისტორიული ფაქტების გაცნობა. თავიდან ყველაფერი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სერიალი ძალიან “გაიწელა” და არდადეგებიც მიიწურა. სულთანმაც ვერ მომხიბლა ისე, რომ მის საფლავზე ცრემლი მეღვარა (დათო ტურაშვილი კი ფრიად სახალისოდ გვიამბობს ხოლმე სულეიმანის განსასვენებლის მონახულების ამბავს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, სიცილის მიზეზი არ გვაქვს), ამიტომ დასასრული ტელევიზორში აღარ მინახავს (საბედნიეროდ, ონლაინ-გადახვევა არსებობს:)) და არც იმაზე მიფიქრია, რომ ოდესმე კიდევ გადავეყრებოდი ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილ მმართველს… თან სად – ელიფ შაფაქის წიგნში…
თურქული ლიტერატურა (სერიალებისგან განსხვავებით) ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი წიგნი დაიწერა (საბედნიეროდ, ეს პროცესი ახლაც გრძელდება). მათ შორისაა “არქიტექტორის მოსწავლეც” (რადგან წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, გავკადნიერდები და სათაურსა და სახელებს თავად გადმოვაქართულებ), რომელიც XVI-XVII საუკუნეების სტამბოლს გვაცნობს. მთავარი გმირი ჯაჰანი და მისი სპილო ჩოტა სულთანს (ჯერ სულეიმანს, შემდეგ კი სელიმსა და მურადს) ემსახურებიან და პარალელურად არქიტექტორ სინანს ეხმარებიან დიდებული შენობების აგებაში. მათი ისტორია საუკეთესო ილუსტრაციაა მათთვის, ვისაც ოტომანთა იმპერიის წარსული აინტერესებს. მერე რა, თუ ელიფ შაფაქმა ბევრი რამ გამოიგონა (სხვაგვარად არც შეიძლებოდა – ეს ხომ მხატვრული ნაწარმოებია). სამეფო კარზე ინტრიგებს ხომ არც რეალურ ცხოვრებაში ერიდებოდნენ. შესაძლოა მიჰრიმაჰ სულთანს არ ჰყვარებია არქიტექტორის მოსწავლე და არც მრავალი დღემდე არსებული ნაგებობის მაშენებელი სინანისთვის მოუწყვია ვინმეს შეთქმულება, მაგრამ ისინი ხომ ნამდვილად არსებობდნენ… არსებობდა ოსმალეთიც… თანაც სად? ჩვენს გვერდით…
ბოლო კომენტარები