შეწყვეტილი ცხოვრება

ოდესმე ჩაღრმავებიხართ საკუთარ ფსიქიკას? ალბათ ტრადიციული გაგებით “ჯანმრთელი” ადამიანები ამ თემაზე არც კი ფიქრობენ… თუმცა ვინ არის რეალურად ჯანმრთელი და ვინ არა? აი ამაზე კი ნამდვილად ბევრს იფიქრებთ, თუ სუზანა კეისენის წიგნს გადაშლით.

“გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს” მხოლოდ უბრალო წიგნი არ არის. სუზანა საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, უფრო ზუსტად კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებულ 18 თვესა და იმ ადამიანებზე, რომლებიც მასთან ერთად ჩაკეტილ სივრცეში არსებობდნენ. სწორედ ამიტომაა მისი მონათხრობი ასეთი რეალური. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ მის განცდებს, გვესმის, თუ რატომ მოინდომა მან თავის მოკვლა ცალსახა მიზეზის გარეშე და იმასაც ვხვდებით, რომ მაშინ, 60-იან წლებში სხვაგვარად არ გამოუვიდოდა… ზოგჯერ ხომ ნორმალური მხოლოდ ისაა, ვინც ცოტათი გაგიჟდა… ეს ერთადერთი გზაა…მხოლოდ ასე გადარჩები… მხოლოდ მაშინ, თუ მაკმერფისავით იყვირებ, იცინებ, არაადეკვატურად მოიქცევი… მერე რა, თუ ამის გამო ცხოვრების შეწყვეტა მოგიწევს… მერე მაინც დაბრუნდები – ფიზიკურად, როგორც სუზანა, ან მენტალურად, როგორც პატრიკი…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი ბათუმელებმა შემოგვთავაზეს… შემდეგ კარგი ფილმიც დააყოლეთ.

დატოვე კომენტარი