ლიტერატურული სერიები დიდად არ მიყვარს. არც ზე-პოპულარულ “50 წიგნს” “მივყვებოდი” და არც სხვა მსგავს სერიებს, თუმცა ასეთ გამოცემებს შორის მაინც არის რამდენიმე ისეთი, რომლის ყოველ შემდეგ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. ძირითადად ეს “დიოეგენესა” (“ამერიკელები” მალე დასრულდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “et cetera” კიდევ დიდხანს გაგვახარებს… და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სერია “იაპონელებს” ;)) და ბათუმელების (შესანიშნავი “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” და “უკვდავი ბიბლიოთეკა” რომ აქვთ) დამსახურებაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ სერიაში ყველა წიგნი ერთნაირად მომეწონოს, მაგრამ ამ ორი გამომცემლობის გემოვნებას ვენდობი…
ჩემს საყვარელ სერიებს შორის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ორი სერიაც მოხვდა. ჩემდა გასაკვირად, “კინობიბლიოთეკა” ძალიან მალე დასრულდა, “13” კი გრძელდება და სანამ ამ “თარს” რიცხვს არ მიაღწევს, არც “დაგვტოვებს”. ეს 13 წიგნი საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის მართლაც დიდი საჩუქარია… მერე რა, თუ “ფსიქოპათი”, “კრავთა დუმილი”, “ყბები”, “მსოფლიო ომი Z”, “მე ვარ ლეგენდა” და “როზმარის ბავშვი” ფილმად თითქმის ყველას გვაქვს ნანახი (იქნებ “კინობიბლიოთეკა” სწორედ “13”-ს შეეწირა)… ლიტერატურული პირველწყარო ხომ სულ სხვაა… თან სერიაში მოხვდა ისეთი იშვიათი წიგნები, როგორებიცაა ედგარ ალან პოს “ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი” და შირლი ჯექსონის “ჰილჰაუსის მოჩვენება”. დიახ, მისტერ ედგარს ბევრად უკეთესი ნაწარმოებებიც აქვს, ვიდრე არტურის ერთი შეხედვით ბანალური “საზღვაო თავგადასავალია” (თავისი შტორმით, გემის დაღუპვით და ტანჯვა-წამებით), მაგრამ ეს ხომ მაინც ედგარ ალან პოა! არანაკლები ოსტატობით წერს მისის შირლიც. მეცნიერისა და მის მიერ სპეციალურად ამ საქმისთვის შერჩეული გუნდის მიერ იდუმალ ჰილჰაუსში გატარებული დღეები მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს და ყოველი გვერდი ზრდის დაძაბულობის დონეს… ყოველი თავის ბოლოს გვაფიქრებს – რა მოხდება? ვინ გადაურჩება მოჩვენებას? კარგი სერიაც ასეთი უნდა იყოს, არა? საინტერესო… ამოუცნობი… მოლოდინით აღსავსე…
P.S. ამ სერიის კიდევ ერთ წარმომადგენელზე – “თილისმაზე” მოგვიანებით ვისაუბრებთ. შემდეგ კი ვნახოთ… წინ კიდევ 4 წიგნია…
ბოლო კომენტარები