„ახლა შეიძლება აქ, მოხუცებულთა თავშესაფარ „ვარდების ტერასაში“ ვარ, მაგრამ გულითა და გონებით კაფე „უისელ სტოპში“ ვზივარ და შემწვარ მწვანე პომიდვრებს მივირთმევ“.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უისელ სტოპში – კეთილი ადამიანებით დასახლებულ ქალაქში! დიახ, ეს სიკეთის ქალაქია, რადგან მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ ის, რასაც ამ ქალაქის მოქალაქეები აკეთებენ. ისინი ხომ დიდი დეპრესიის უმძიმეს წლებში საკვების გარეშე არც უსახლკაროებს ტოვებენ და არც “ფერადკანიანებს” (მერე რა, თუ ამით ან რასისტებს გაანაწყენებენ, ან პოლიციას), ერთმანეთის დასახმარებლად არც მკვლელობაზე იხევენ უკან, არც ტყუილზე და არც ძარცვაზე… გინდათ მითხრათ, რომ ეს ცოდვაა? სულაც არა. ცოდვა ვერ იქნება მშიერთა დაპურება, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, უსამართლოდ დასჯილთა გამოხსნა, ტკივილით დატანჯული ადამიანის გათავისუფლება… სიყვარული ცოდვა არ არის… არც სიცოცხლის წყურვილია დანაშაული და არც უწყინარი ხუმრობა… მერე რა, თუ უკვე 80 წელს გადააბიჯე და იცი, რომ დღე-დღეზე სიკვდილი მოგიკაკუნებს მოხუცებულთა თავშესაფრის კარებზე… მაინც შეგიძლია სხვებს იმედი მისცე… მერე რა, თუ საშუალო ასაკის “მსუქანი” ქალი ხარ და გგონია, რომ წინ აღარაფერი იქნება… ყოველთვის შეიძლება საკუთარ თავში სიკეთის, სიცოცხლის სიყვარულის მარცვლების პოვნა და მათი გაღვივება… მთავარია გჯეროდეს… მთავარია გრძნობდე კაფე “უისელ სტოკში” შემწვარი მწვანე პომიდვრების გემოს…
P.S. ძალიან მიხარია, რომ ბათუმელებმა ეს წიგნი სერია “უკვდავ ბიბლიოთეკაში” ჩართეს. რომ არა ქართული თარგმანი, ალბათ არც გამახსენდებოდა ფილმი, რომელიც ბავშვობაში ვნახე და ფენი ფლეგის ძალიან კარგ ნაწარმოებს (რომელიც ერთდროულად საოცრად მსუბუქი საკითხავიც არის და უამრავი მძიმე თემით დატვირთულიც) გამოვტოვებდი 🙂
P.P.S. სულ ბოლოს ამ შესანიშნავ კომპოზიციას მოვუსმინოთ და ბოლომდე შევიგრძნოთ, რომ ალაბამაში ვართ 🙂
ოქტ 01, 2021 @ 00:37:32
უსაყვარლესი და გემრიელი წიგნი
LikeLiked by 1 person