კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მენდერლიში! აქ უკვე იყავით მისტერ ჰიჩკოკთან ერთად? ამაზე არ იდარდოთ. მისის დაფნაც ძალიან კარგი მეგზურია. თავდაპირველად სწორედ მან შექმნა მენდერლის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე აწ უკვე 77 წელია სუნთქვაშეკრული ელის ეკრანის წინ… და აი ახლა ბათუმელ გამომცემლებთან ერთად ჩვენც შევდივართ მანდერლის მამულში და ბოლო გვერდამდე ვფიქრობთ – მაინც რა მოხდა? რა საიდუმლოს მალავს ძველებური სასახლე? იქნებ აქ ძველი დიასახლისის სული დასახლებულა და მაქსიმილიან დე უინტერის მეორე ცოლს ემტერება? ან იქნება
ეჭვი მხოლოდ ერთგული მოახლის სულში ბუდობს, რებეკა კი მშვიდად განისვენებს საგვარეულო აკლდამაში? და საერთოდაც რა დაემართა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალს – უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მოკლეს თუ თავი მოიკლა? ამ უთვალავ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მისის დაფნას აქვს – ქალს, რომელმაც შექმნა განუმეორებელი, ოდნავ მისტიკური და ამასთანავე ძალიან რეალური (მე ვიტყოდი – სასიამოვნოც კი) მენდერლი, ერთი შეხედვით ბანალური სასიყვარულო ისტორია და თითქოს მარტივად, ერთი ხელის მოსმით გამოძერწილი, თუმცა მაინც ძალიან დახვეწილი პერსონაჟები და, რა თქმა უნდა, დასასრული… დასასრული, რომელსაც არავინ ელოდა (მეც კი… არადა ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე… მაინც მეგონა, რომ იქნებ აქ რაღაც სხვა მომხდარიყო…)…
მენდერლის საიდუმლო
06 ნოე 2017 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ალფრედ ჰიჩკოკი, დაფნა დიუ მორიე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნათია ჩუბინიძე, რებეკა, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ბოლო კომენტარები