ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა არის რამდენიმე ისეთი ქვეყანაც, რომელსაც გვერდს ვერავინ უვლის. მათ შორისაა საფრანგეთიც – ნამდვილი “ბიბლიო-სამოთხე”.
წლის მიწურულს, როდესაც რაიმე “გრანდიოზულის” დაწყებას აზრი აღარ აქვს (ახალი წლის დღეებში წიგნებისთვის იშვიათად თუ ვიცლით, მე კი დაწყებული “მოგზაურობის” შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს), სწორედ ფრანგული ნოველა ავირჩიე და არც შევმცდარვარ. მიუხედავად მცირე მოცულობისა, გი დე მოპასანის “ორლა” და პროსპერ მერიმეს “ილელი ვენერა” ნამდვილად ღირებული ნაწარმოებები აღმოჩნდა. თავად ფსიქიკური პრობლემებით გაწამებული მოპასანის მონათხრობი “ბოროტი სულის” თანხლებით შეწუხებული კაცის შესახებ ძალიან რეალურად გამოიყურება (თუმცა ორლა რომ არ არსებობს, ნათელია) და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც “გაცოცხლებული” ვენერას ქანდაკების მისტიკურ-დეტექტიური ისტორია ჰგავს გამონაგონს… სამაგიეროდ, თითქოსდა ცხოვრებისეულ ისტორიაზე დაფუძნებული ფრანსუაზა საგანის “პირქუში ღიმილი” მეჩვენა მოსაწყენად… ალბათ იმიტომ, რომ მადამ ფრანსუაზასთან ვერ ვმეგობრობ… ვერც მის გმირ ქალებთან, რომლებიც სრულიად უაზრო ურთიერთობებში ებმებიან ხოლმე… ასეა დომინიკიც… ფრანგული ნოველის სტილში საერთოდ რომ არ ჯდება, ისე…
P.S. მოპასანიცა და მერიმეც ქართულადაა ნათარგმნი. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ. ფრანსუაზას “უთარგმნელობით” კი ბევრს არ ვკარგავთ… ჩემი მოკრძალებული აზრით, “გიყვართ ბრამსი?”, “სალამი, სევდავ” და “მზის ნამცვრევი ცივ წყალში” სრულიად საკმარისია… მეტიც – მხოლოდ აქ არის ფრანსუაზა “ნამდვილი ფრანგი”…
ბოლო კომენტარები