ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა ერთი რამ ცალსახაა – თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად მაქსიმალურად შეიგრძნოთ უცხო ქვეყნის “სურნელი”, ამ ქვეყნის წარმომადგენელი მწერალი უნდა აირჩიოთ და მასთან ერთად “გაუდგეთ გზას”…მეც ზუსტად ასე მოვიქეცი და გერმანიაში ამოვყავი თავი…
პატრიკ ზიუსკინდმა ისეთი თემა შემომთავაზა, რომელიც გერმანიის ფარგლებს სცდება, მაგრამ კარგი ლიტერატურაც ხომ ეს არის… მისი მუსიკოსი, რომელიც კონტრაბასზე უკრავს და თავის მონოლოგში (რომელიც ჩეხოვის ფუტლიარში გამომწყვდეულ ადამიანს, გოგოლის შინელში გახვეულ აკაკი აკაკიევიჩს ან სულაც დოსტოევსკის გაორებულ გოლიადკინს მოგაგონებთ) საკუთარი სულის კარებს გვიხსნის, გვიყვება საკუთარი განცდების შესახებ და ჩვენც გვესმის რას ნიშნავს იყო “უბრალო კონტრაბასი დიდ ორკესტრში”, როგორია რიგითი ადამიანის პოზიციასთან შეგუება მაშინ, როდესაც პირველობა შეგეძლო, როდესაც შეიძლებოდა, რომ სკანდალის გარეშეც ყოფილიყავი ცნობადი სახე… ყოფილიყავი ვიღაც და არა არავინ…
სულ სხვაგვარად “გვესაუბრება” ჰერმან ჰესე. მისი “მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყანაში” ერთგვარი “შუალედია” მის სხვა ნაწარმოებებს შორის (მაგალითად, “ზიდჰარტა”, “თამაში რიოში მარგალიტებით”, “ნარცისი და გოლდმუნდი”) და ძალიან საინტერესოდ გვიამბობს “საძმოს” პილიგრიმობის შესახებ… კნულპის ამბავი კი კიდევ უფრო საინტერესოა. თავად კნულპია გამორჩეული და იმიტომ… ეს ადამიანი ერთი შეხედვით არაფრით უნდა იყოს მიმზიდველი – ის ხომ ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს, თუმცა ეს ასე არ არის. კნულპი თავისუფალია და სწორედ ეს სძენს მას განსაკუთრებულ ხიბლს. ის თავისუფალია ყველასგან და ყველაფრისგან – ადამიანებისგან, საქმისგან… ყველასგან… ის ჰერმან ჰესეს უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფია, როგორც ჰარი ჰალერი, როგორც დემიანი…
Recent Comments