რუსული ნოველა

“მოდით, დავლიოთ რუსული ლიტერატურის სადღეგრძელო! ამ ერს დიდებული არაფერი შეუქმნია, ლიტერატურისა და საიდუმლო პოლიციის გარდა.” – ვასილი აქსიონოვი (“მოსკოვური საგა”)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ბიბლიოფილებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ შორისაა რუსეთიც, რომელიც თუ რამით მოიწონებს თავს (ვასილი აქსიონოვი ტყუილად არაფერს ამბობდა), სწორედაც რომ ლიტერატურით…

ანტონ ჩეხოვი ის მწერალია, რომლის ნოველასაც ბრმად ამოვიცნობ. მისი “პალატა № 6” ჩემთვის ნამდვილი შედევრია… და ახლა მისი ერთგვარი გაგრძელება – “შავი ბერი” აღმოვაჩინე. ეს არის კიდევ ერთი ისტორია, რომელშიც ერთმანეთს კვეთს მედიცინა, მისტიკა და უბრალოდ რუსული რეალობა. “ინტელიგენტი” კოვრინი, მისი ჰალუცინაცია შავი ბერი, რომელიც გენიას უწოდებს და ოჯახის წევრების ზრუნვა, რათა იხსნან ის ამ “სიგიჟისგან” ზუსტად ისაა, რასაც ჩეხოვისგან, რუსული ნოველისგან ველი…

ნამდვილი რუსეთის შესახებ მოგვითხრობს ივან ბუნინიც. ხრუშჩოვების ოჯახი და მათი დაღუპვის პირას მისული სუხოდოლის მამული შესანიშნავად გვიხატავს მაშინდელ ყოფას… და მერე რა ენა აქვს ბუნინს… როგორი რუსულით წერს…

ბულგაკოვს რომ გადასარევი წერის მანერა აქვს, ამაზე ახალს ვერაფერს გეტყვით. თუმცა ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ასე ოსტატურად სატირის “იარაღს” ცოტა თუ იყენებს (მისი “ძაღლის გული”, “Дьяволиада” (ამ სუფთა რუსულ სიტყვას ქართულ შესატყვისს ვერ ვუძებნი) და “ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას” თუ წაგიკითხავთ, დამეთანხმებით). “საბედისწერო კვერცხებშიც” ვითომდა ფანტასტიკის “ფარდის მიღმა” რეალობა მოჩანს. პროფესორი პერსიკოვის მიერ აღმოჩენილი “სიცოცხლის წითელი სხივი” და ბიუროკრატების შეცდომის გამო დატრიალებული კატასტროფა (დეტალებს არ გაგიმხელთ. სწორედ ამაშია მთავარი “მუღამი”) სულაც არ ჰგავს გამონაგონს… ძალიან საბჭოთა ამბავია… ძალიან რუსული… ნამდვილი რუსული ნოველაა და იმიტომ…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: