ბოლო დროს საბჭოთა წარსულზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მისტირიან იმ დროს… მათი უმეტესობა ისეთ ასაკშია, რომ ერთი გამართლება მოეძებნებათ – იქნებ წითელ დიქტატურას კი არა, საკუთარ ახალგაზრდობას უცქერენ ნოსტალგიით აღსავსე მზერით? მაგრამ არის კი ეს საკმარისი? და ახალგაზრდების შემთხვევაში? არა! არ არსებობს მიზეზი, რომელიც 70-წლიან სისხლიან პერიოდს დადებითად წარმოაჩენს… ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტს…
ქალების ბედი დიდი ტერორის დროს შესანიშნავად წარმოაჩინა ევგენია გინზბურგმა თავის ავტობიოგრაფიაში, თუმცა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ გამოცემული “დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ” სხვა დატვირთვის წიგნია. მასში ქართველი ქალების რეალური ისტორიებია მოთხრობილი – უფრო ახლობელი, უფრო “ახლო”… იქნებ ეს მაინც დაეხმაროს სინამდვილისთვის თვალის გასწორებაში მათ, ვინც ჯერაც “ვარდისფერი სათვალით” მისჩერებია 30-იან წლებს… იქნებ “თავგადაკლული” კომუნისტების, “ხალხის მტრებად”შერაცხულთა ოჯახის წევრების ან უბრალოდ მეგობრების ამბებმა მაინც იქონიოს გავლენა… სხვა თუ არაფერი, მხოლოდ გარეკანის ფოტოს შეხედეთ – მასზე გამოსახული სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ლამაზი გოგონა, რომელიც ბევრ თქვენთაგანზე უმცროსიც კია, ნაცვლად იმისა, რომ სამსახიობო კარიერა გაეგრძელებინა, ბნელ საკანში აღმოჩნდა. წიგნში ის მხოლოდ ერთხელ ჩნდება (სხვა მსხვერპლის ისტორიის “მეორახარისხოვანი” გმირია) – როგორც კიდევ ერთი უმოწყალოდ ნაცემი ქალი, რომელიც დახვრიტეს… და იმ ამბავზე რაღა უნდა ვთქვათ, დედას ერთი შვილი და მეორე შვილის საფლავი რომ დაატოვებინეს და გრძელ გზას გაუყენეს, რომლიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა? აქ კიდევ უამრავი მსგავსი ამბავია… ნამდვილი ამბავი არაფრის გამო დანგრეულ ცხოვრებაზე…
ბოლო კომენტარები