ოთარ ჭილაძეს ყველა იცნობს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხშირად ვკითხულობთ ზაზა ჭილაძის თარგმანებსაც, თუმცა თამაზ ჭილაძე თითქოს ყურადღების მიღმა გვრჩება. მასზე ისე ხშირად არ ვსაუბრობთ, როგორც მის ძმაზე. რა თქმა უნდა, მათი შედარება არ შეიძლება, რადგან ორივეს თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს და რომელს მივანიჭებთ უპირატესობას, მთლიანად ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდეული, თუმცა ერთი რამ ცალსახაა – ძმები ჭილაძეები მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლები არიან! ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც წავიკითხე “აჰა, მიიწურა ზამთარი”, “კაქტუსის ბაღი” და “ბრეიგელის მთვარე”…
ამ სამ ნაწარმოებს ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს (ჟანრიც კი – მაგალითად, “ბრეიგელის მთვარე” სამეცნიერო ფანტასტიკის “ზღვარზეა”), მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული მხარეა. სინამდვილეში, თუ მათ ერთად წაიკითხავთ, აუცილებლად დაგრჩებათ შეგრძნება, რომ ეს სამი ამბავი უბედურ ადამიანებზე (ზუსტად ეს მგონია მათი საერთო და მთავარი “ნიშანი”) ერთი დიდი ისტორიის ნაწილია, იმ ისტორიის, რომელმაც “შექმნა” ქართული ლიტერატურა… და ძმები ჭილაძეები…
P.S. თამაზ ჭილაძის მრავალტომეული “პალიტრა L”-ის “ჩემი რჩეულის” ნაწილია. აქვე აღმოაჩენთ ამ სამ (რომლებზეც დეტალურად განზრახ არ გიამბეთ – თავად უნდა ნახოთ და შეაფასოთ, მოგწონთ თუ არა კიდევ ერთი ჭილაძე) და კიდევ რამდენიმე ნაწარმოებს.
Recent Comments