ალექსანდრე დიუმას პარიზს ალბათ ყველა იცნობს. მის მიერ შექმნილი მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოსა და უკანასკნელი ვალუების ამბები ბიბლიოფილთა უმეტესობისთვის ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, თუ ამ ადამიანის ყოველი “ახალი” წიგნის გადაშლისთანავე თავბრუდამხვევ ისტორიაში გადავეშვებით ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქალი ხავერდის ყელსაბამით” აღმოვაჩინე (ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ზემოთსენებულ სერიებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო მონათხრობი კი გახლავთ) – კისრისტეხით “გავიქეცი” მორიგი თავგადასავლისკენ…
და, რა თქმა უნდა, ისევ პარიზში აღმოვჩნდი – ამჯერად მე-18 საუკუნის საფრანგეთის დედაქალაქში, რომელიც რევოლუციამ მოიცვა (სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ დიკენსის შემდეგ დიუმამ ვეღარაფრით გამაოცა) და მონარქის ჩამოგდების შემდეგ ტახტს გილიოტინა დაეპატრონა. სწორედ ასეთ ვითარებაში ესტუმრა ბევრისთვის საოცნებო ქალაქს გერმანელი ხელოვანი ჰოფმანი. ამისთვის შეყვარებულიც კი დატოვა და დიდი გამოცდილების შესაძენად გაემართა… რა მოხდა შემდეგ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან მისტიკურ ქალს ხავერდის ყელსაბამით (რა შუაშია მისტიკა, ამასაც საიდუმლოდ დავტოვებ), თავად ნახეთ… ერთს კი გეტყვით – მამაკაცის ფიცი სანდო არასდროსაა – განსაკუთრებით წიგნებში 🙂
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია და ყველა წიგნის მაღაზიაში (მათ შორის სახლიდან გაუსვლელად – booksale.ge-ზეც) ნახავთ.
ბოლო კომენტარები