თუ მთელი სამყარო თეატრია, მაშინ ოდესმე ფარდაც უნდა დაეშვას… ასეთია თამაშის წესები. რაც უნდა გრძელი იყოს სპექტაკლი, ფინალი მაინც დგება და სულ ბოლოს სცენაზე უკვე ახლობლებად ქცეული გმირები გამოდიან, რათა თავი დაგვიკრან…
…და აი ეს დღეც მოვიდა! ერასტ ფანდორინი უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე. წლების წინ ის ბაქოში დავტოვეთ და უკვე აღარც კი გვეგონა, რომ ისევ შევხვდებოდით, თუმცა კი შევხვდით – სულ სხვაგან და სხვაგვარ ვითარებაში. ამჯერად ასაკში შესული (რაც ჩემთვის ყოველთვის ღირსება იყო. მით უფრო, როცა საქმე ასეთ ადამიანს ეხება) პეტროვიჩი “შავების”, “წითლების”, “მწვანეებისა” და “თეთრების” (რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან) ბანაკში მოხვდა. სცენაზე მთავარ და მეორახარისხოვან როლებში (ზოგი უბრალოდ მოგონების სახით) სხვებიც გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ დაიდგა რეჟისორ ბორის აკუნინის წარმოდგენა – ისტორიული დრამა გასაბჭოების ეპოქიდან სახელწოდებით “არ გემშვიდობებით”… რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი შალვოვიჩი არ გვემშვიდობება, მაგრამ იქნებ არც თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ფანდორინი? იქნებ ის კიდევ ერთხელ გამოვიდეს ბისზე? ეს არავინ იცის… ალბათ ჯერ თავად ავტორმაც კი…
P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს ფანდორინის საუკეთესო თავგადასავალია, მაგრამ ფრიად ჩამთრევი ისტორია კი გახლავთ. ისეთი სასიამოვნო იყო ერასტის კიდევ ერთხელ ხილვა… თუნდაც ასაკში შესულის… და კიდევ მასასთან შეხვედრა…
ბოლო კომენტარები